ღია მმართველობის სამიტი

ბახტაძე, წულუკიანი და რობოტი სოფია - საქართველოში OGP-ის სამიტს დაესწრებიან

პრემიერმინისტრი და რობოტი სოფია
კოლაჟი ტაბულა

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. 18 ივლისს თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია სამიტის სხდომის გამართვა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და ჰუმანოიდი რობოტი სოფია. საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის სახელმწიფო პროგრამას იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, უწყება სამიტზე უმაღლესი მმართველობით იქნება წარმოდგენილი.

რობოტი სოფია კომპანია Hanson Robotics-ის ქმნილებაა, ის ოფიციალურად, საუდის არაბეთის "მოქალაქეა". სოფია 2017 წელს UNDP-ის კეთილი ნების ელჩადაც დაასახელეს.

დღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი გაიხსნა, სამიტს 70-მდე ქვეყნის 500 წარმომადგენელი ესწრებოდა. ორგანიზატორების განცხადებით, სესია მიზნად ისახავს არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას, აგრეთვე „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ საპარლამენტო ჩართულობის საუკეთესო მაგალითების გაზიარებას. ამასთან, სესიაზე პარლამენტარები და პროცესებში აქტიურად ჩართული პირები, სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე, წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს ღია მმართველობის მოძრაობაში საპარლამენტო ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით.

ქართული არასამთავრობოები თანხმდებიან, რომ საქართველოს როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანას მართებს უფრო ამბიციური რეფორმების ჩატარება, თუმცა იუსტიციის სამინისტრო ამ რეფორმების განვითარებას აფერხებს. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც OGP-ის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო, არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, თუმცა მთავრობამ ამ პროექტის განვითარება პრაქტიკულად დაბლოკა. 

კომენტარები