ხორავას ქუჩის საქმე

CRRC: მოსახლეობის 90%-მა იცის, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისია შეიქმნა

flickr.com

CRRC საქართველომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობების შესახებ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას - 96%-ს ამ ტრაგედიის შესახებ სმენია. 

კვლევაში მოსახლეობას დაუსვეს კითხვები არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მის გამო ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სმენია რომ ამ საქმეზე პარლამენტში სპეიციალური დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კითხვაზე - "ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა ეს კომისია სიმართლის დადგენას?" პასუხის ვარიანტები და პასუხების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

  • შეძლებს - 28%
  • ვერ შეძლებს - 32%
  • არაფერი ვიცი ამ კომისიის შესახებ - 7%
  • არ ვიცი - 33%
  • უარი პასუხზე - 1%

CRRC-იმ მოსახლეობას ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შეფასებაც სთხოვა. ეს კითხვა დაესვა იმ 96%-ს, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ სმენია. 

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ემხრობით თუ არა მის გადაწყვეტილებას? 

  • დიახ - 50%
  • არა - 19%
  • არ ვიცი - 30%
  • უარი პასუხზე - 1%

მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სმენია ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დროებით კომისიასთან დაკავშირებით. 28% მიიჩნევს, რომ კომისია შეძლებს სიმართლის დადგენას, 32%-ის აზრით კი კომისია ამას ვერ შეძლებს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (33%) უჭირს იმის შეფასება, შეძლებს თუ არა კომისია სიმართლის დადგენას, ხოლო 7%-ს საერთოდ არ სმენია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

CRRC-ის კვლევის მიხედვით, იმის მიუხედავად რომ ამ საქმის შესახებ ცნობადობა მაღალია, მხოლოდ მოსახლეობის 17%-მა იცის რეალურად რა განაჩენი მიიღო სასამართლომ 2018 წლის 31 მაისს. 31 მაისის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულს მკვლელობისთვის, ხოლო მეორე ბრალდებულს მკვლელობის მცდელობისთვის შეუფარდა სასჯელი. საზოგადოების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა გ.ჯ.-ს ბრალეულობა დავით სარალიძის მკვლელობაში. 

CRRC-ის მიხედვით, მოსახლეობის 61%-მა არ იცოდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. დანარჩენებს კი არაზუსტი ან ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, მოსახლეობის 9%-მა განაცხადა, რომ სასამართლომ ერთი ბრალდებული გაამართლა, მეორეს კი მკვლელობისთვის შეუფარდა ციხის სასჯელი. 5%-მა უპასუხა, რომ სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამართლა, ხოლო 2%-ის თქმით, მოსამართლემ ორივე ბრალდებულს მკვლელობისთვის შეუფარდა სასჯელი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისის მაცხოვრებლები შედარებით უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ვიდრე საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობა (7-10%-იანი განსხვავება).

კვლევის მეთოდოლოგია 

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.

კომენტარები