სახელმწიფო შესყიდვები

TI: ბოლო 5 წელში საჯარო უწყებებმა 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული "ნივა” შეისყიდეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო უწყებებმა უმეტესად უკონკურენტო ტენდერის გზით 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული "ნივა” შეისყიდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ავტომწარმოებლები არ მონაწილეობდნენ, რადგან შემსყიდველ ორგანიზაციებს სატენდერო დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, "ნივაზე” ჰქონდათ მორგებული.

TI-ის ცნობით, ყველაზე მეტი - 50 "ნივა“ საქართველოს ფოსტამ შეიძინა და ჯამში 1 151 500 ლარი გადაიხადა. შემდეგ მოდის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 721 230 ლარის ღირებულების 31 "ნივით”. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ კი, ერთი ტენდერით შეიძინა 570 000 ლარის ღირებულების 30 "ნივა“.


ფოტო: TI

"აღსანიშნავია, რომ ერთი შემთხვევის გარდა (შუახევის მუნიციპალიტეტის შესყიდვა), ყველა ტენდერში, სადაც კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯიმ” გაიმარჯვა, კომპანია კონკურენტების გარეშე იყო, მხოლოდ მან გააკეთა შეთავაზება ავტომობილების ("ნივას“) მიწოდებაზე. ამის მიზეზი გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური პირობები და შესყიდვის ღირებულება იყო. „ნივა“ იმარჯვებდა ისეთ ტენდერებში, სადაც ავტომობილების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მინიმალური მოთხოვნები იყო და ამავე დროს, 1 ავტომობილის შესყიდვაზე 18,000 -27,000 ლარი იყო გამოყოფილი.

"გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის“ მიერ „ნივით“ მოგებულ ტენდერებში ავტომობილის საგარანტიო პერიოდად 6 თვე (ან 35 000 კილომეტრის გავლამდე) ან 1 წელია მითითებული. ჩვეულებრივ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებში „ნივა“ არ მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებს შესასყიდი ავტომობილის საგარანტიო პირობად ერთ წელზე მეტი აქვთ მითითებული. მეტიც, სრულ ავტომობილზე საგარანტიო პირობად 3 წელი (ან 150 000 კილომეტრი), ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წელია მითითებული" - წერია TI-ს კვლევაში.

კომპანია "გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“ 2011 წელს დაფუძნდა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლის ბოლოდან მონაწილეობს. ის სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების "ნივას“ აწვდის. კომპანიის დამფუძნებლის გოჩა როსტიაშვილის პოლიტიკოსებთან კავშირზე ერთი თვის წინ სტუდია "მონიტორმა” გამოაქვეყნა სიუჟეტი - როსტიაშვილი "ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.

"გარდა იმისა, რომ მრავალჯერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები გარკვეულ გარიგებასა და მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს და ამასთან, "ნივას“ შესყიდვაზე დახარჯული თანხის ეფექტიანობა სათუოა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებულ პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? ვინაიდან საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა რუსული პროდუქციის შეძენაზე მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ავტომობილების შესყიდვისას არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს საკითხი შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის პრობლემადაც შეიძლება მივიჩნიოთ. საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები სანქციების ქვეშ მყოფ ან/და მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მითუმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ" - აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დეტალურად შეისწავლოს, კომპანია "გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” მიერ მოგებული ტენდერები ხომ არ იყო ე.წ. მიმწოდებელზე "მორგებული“ ტენდერები;
  • აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა შეისწავლოს „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა;
  • ცვლილებები შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის (როგორც ოკუპანტი ქვეყნის) პროდუქციის შესყიდვაზე.

კომენტარები