თამბაქოს კონტროლის კანონი

ზოიძე: უნივერსიტეტების ეზოებში, სპეციალურ პუნქტებში მოწევა დასაშვები გახდება

ტაბულა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, გარკვეულ ტერიტორიაზე, თამბაქოს მოხმარება ნებადართული გახდება. ტაბულასთან საუბარში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიზემ თქვა, რომ დღეს არსებული ნორმა "საკმაოდ რთული აღსასრულებელია" და რომ ის დახვეწას საჭიროებს. 

“დღევანდელი კანონმდებლობით, საავადმყოფოებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოშიც აკრძალულია მოწევა. აღსრულებამ აჩვენა რომ ეს ნორმა საკმაოდ ძნელი აღსასრულებელია, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებაც ასეთია, თუმცა ამ გარემოებამდე მივიდნენ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ. თავიდან კარიდან გარკვეულ მანძილზე აკრძალეს მოწევა, შემდეგ გადაწიეს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ ისეთი ნორმა, რომელიც აღმოჩნდა, რომ აღსასრულებლად რთულია. შენობაში ცხადია დარჩება აკრძალვა, თუმცა გარეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,  სპეციალური ადგილები გამოიყოფა,”- ამბობს ზოიძე.

ტაბულას თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ უთხრა რომ აკაკი ზოიძის მიერ განხილული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მათ მიაწოდეს.

“ზოგიერთ უნივერსიტეტსა და სამედიცინო დაწესებულებას საკმაოდ დიდი ეზო აქვს. თავად ამ ღია სივრცეში მოწევა აკრძალული იქნება, მაგრამ იქნება სპეციალური ადგილი, სადაც იგივე სტუდენტს თუ ლექტორს ექნება საშუალება ღია სივრცეში მოიხმაროს თამბაქო,”- ამბობს ბახტურიძე.

2018 წლის 1 მაისს ძალაში შესული ცვლილებებით, დაწესებულებებში, სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტების ეზოებში, კაფეებსა და რესტორნებში, მრავალბინიანი შენობების ვესტიბიულებში, სხვენებში, სარდაფებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებში, ასევე სატრანსპორტო საშუალებების აბსოლუტურ უმრავლესობაში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა.

მაის-ივნისის განმავლობაში სამართალდამცავებმა ახალი კანონმდებლობის დარღვევის სულ 140 შემთხვევა გამოავლინეს. აქედან 101 მაისში, ხოლო 39 კი ივნისში გამოვლინდა. დარღვევების ნახევარზე მეტი - 88 შემთხვევა იმერეთზე მოდის, დანარჩენ რეგიონებში კი ის რამდენჯერმე ნაკლებია.

 

კომენტარები