ქართული ოცნება

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს

პარლამენტი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძე გარიცხა.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები, " - ნათქვამია განცხადებაში. 

გადაწყვეტილებას ხელს კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი სამხარაძე აწერენ. 

დავით ჭიჭინაძემ ბოლო დღეებში ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული განცხადების გამო. კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა მომხრე იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი მაქსიმალურად გამკაცრებულიყო, თუმცა ეს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. 

"მე, როდესაც ვაფასებ ამ ახალგაზრდა გუნდს, კომკავშირელებს რომ ვეძახი, ტყუილად არ ვეძახი, კომუნისტური პარტიის ყრილობების სხვადასხვა მოვლენას მახსენებენ, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ, მერე გადაყენებულ ადამიანს ფეხებით რომ შედგებოდნენ. კომპრომისზე შეიძლება წახვიდე ორი ადამიანი, როდესაც ერთმანეთში რაღაცაზე რიგდებით, მაგრამ ორი ადამიანი გარიგდე, რომ აქ ათობით ადამიანი დაიხოცოს, და მერე გამოხვიდე და ეს აღიარო, მე ასეთ კომპრომისზე არ წავსულვარ. რას ნიშნავს კომპრომისი სხვების სიცოცხლის ხარჯზე, ჩემთვის გაუგებარია", - თქვა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე კობახიძეს წარსულშიც დაპირისპირებია.

კომენტარები