NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოვუწოდებთ

18 ივლისს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ამბობს, რომ მომავალში საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. 

„გასულ კვირას, ნატოს 29-ვე მოკავშირემ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ“, - თქვა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და რუსეთს ქვეყნიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა. 

"ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს მოიცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს",- მიმართა სტოლტენბერგმა მამუკა ბახტაძეს.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს დახმარებას გაწევრიანების საკითხში  განაგრძობს და რეფორმების პროგრესს მიესალმება.

"შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნატოსთვის და საქართველო ზრდის თანამშრომლობას ამ სფეროში საზღვრის დაცვისა და სანაპირო ზოლის დამცავ სამხედროთა წვრთნების გზით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ფლოტის გაზრდილი ურთიერთობისა  და მეტი თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს საზღვაო ხომალდების ცენტრს შორის",-აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

ალიანსმა საქართველოს პრემიერმინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა.

ვებგვერდზე წერია, რომ შეხვედრის დროს იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ავღანეთში არსებულ მისიაში საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი. ამასთან, ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს წევრობისთვის მზადებაში დაეხმარება.

კომენტარები