თურქეთი

თურქეთში 2-წლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

AP

თურქეთში 2-წლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ამის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ წერს. 

"საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებისას სახელმწიფომ უნდა განჭვრიტოს ფართომასშტაბიანი ძალადობის გავრცელების შესაძლებლობა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ განვითარებას ან მოქალაქეების ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს", - წერს ანადოლუ. 

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 2016 წლის 20 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადდა. 

სამხედროებმა ამბოხება 15 ივლისს სცადეს, თუმცა მთავრობამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამბოხების ღამეს სულ მცირე, 290 ადამიანი დაიღუპა, 1400-ზე მეტი კი დაშავდა. 

გადატრიალების მცდელობაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფეტულა გიულენი დაადანაშაულა, რომელიც მისი ძველი მოკავშირე და ყოფილი იმამია. ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.

2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით ერდოღანმა ამერიკას გიულენის ექსტრადიცია სთხოვა, თუმცა ამერიკამ ყოფილი იმამი ოფიციალურ სტამბოლს არ გადასცა. მას შემდეგ ერდოღანის მთავრობა გიულენთან კავშირში შემჩნეულ პირებს დევნის - სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილთა რიცხვი 125 ათას ადამიანს აჭარბებს.

სამსახურებიდან დათხოვნის ბოლო ტალღა თურქეთში 8-9 ივლისს მოხდა. დაითხოვეს 18 ათასი ადამიანი, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ასევე დაიხურა ერთი სატელევიზიო არხი და სამი გაზეთი.

კომენტარები