საქართველოს მთავრობა

"საქმეები უნდა გადააბაროს და ოჯახი წამოიყვანოს" - ეკონომიკის მინისტრი მოსკოვში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მოსკოვში იმყოფება. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, ქობულიამ შვებულება აიღო იმისთვის, რომ ძველ სამსახურში "საქმეები სხვას გადააბაროს" და ოჯახი თბილისში ჩამოიყვანოს. კალანდაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ თქვა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ახალი მინისტრი მოსკოვში საიდუმლოდ წავიდა. 

"არანაირი გასაიდუმლოება აქ არ იყო, უბრალოდ არავის უკითხავს. მას შემდეგ, რაც პირველი გადაწყვეტილებები მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ის გავიდა შვებულებაში - გაემგზავრა მოსკოვში, სადაც როგორც იცით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის "მაკენზის“ ოფისში იკავებდა ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას. ბუნებრივია, მას დარჩა პროექტები, რომელიც ვინმეს უნდა გადააბაროს, რადგან გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ამ პროექტებს გაგრძელება სჭირდება.

გარდა ამისა, მას იქ ჰყავს ოჯახი, რომელიც უნდა გადმოიყვანოს თბილისში. შვებულების რამდენიმე დღე მინისტრმა ამისთვის აიღო. მე უბრალოდ ვერ ვხვდები, რა გასაიდუმლოებაზეა ლაპარაკი" - თქვა კალანდაძემ.

კითხვაზე, რომ მინისტრის მოსკოვში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "ეს არის შვებულება, მინისტრების შვებულებები არ ცხადდება ხოლმე, როგორც წესი".

გიორგი კალანდაძის თქმით, "ბუნებრივია, რომ ადამიანმა, როცა აპირებს შეუდგეს სერიოზულ საქმიამობას, აიღოს რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ძველ სამსახურში საქმეები გადააბაროს და ოჯახი ჩამოიყვანოს. რა რელიზი უნდა გაგვევრცელებინა, რომ ადამიანმა შვებულება აიღო?".

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ორშაბათს უკვე თბილისში იქნება.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტს 14 ივლისიდან იკავებს. სწორედ 14 ივლისს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის განახლებული მთავრობა.

კომენტარები