ე.წ ქურდული სამყარო

სასამართლომ მინდია გორაძეს (ლავასოღლი) 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

პრაიმკრაიმი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე (ლავასოღლი) დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განესაზღვრა. მინდია გორაძემ საქართველო 2017 წლის ოქტომბერში დატოვა. ის წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ისე გაათავისუფლეს, რომ პასპორტი არ ჩამოურთმევიათ.

"დადგინდა, რომ 2013 წელს, ე.წ ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა "კანონიერ ქურდად“, რის შემდეგაც, ის ე.წ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით;

ის მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პირებისგან თანხების გამოძალვას, ე.წ. "ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისთვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს.

გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მინდია ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. "ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის"  -აცხადებს პროკურატურა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების“ ავტორს ეკა კვესიტაძეს და დაემუქრა.

მოლდოვადან დეპორტირებული ე.წ კანონიერი ქურდი საქართველოს აეროპორტში 2016 წლის 30 იანვარს დააპატიმრეს. მისთვის ბრალის დამტკიცება მხოლოდ ახლა, 2.5 წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ლავასოღლის" კიდევ ერთი ბრალი რამდენიმე დღის წინ, ასევე დაუსწრებლად წარუდგინა.

კომენტარები