ლგბტ უფლებები

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი: მრწამსი - ეძღვნება ტრანსგენდერი გოგონას ხსოვნას

მალხაზ სონღულაშვილი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, თბილელმა მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა ტაბულას წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მრწამსი

ეძღვნება ბათუმში გარდაცვლილი და შინმიუსვენებლად დაკრძალული ტრანსგენედერი გოგონას ხსოვნას


მწამს ერთი ღმერთი

შემოქმედი მრავალფეროვნებისა,

მშობელი ჩვენი ზეცეიერი,

ღმერთი აბრაამისა, სარასი, აგარისა,

ღმერთი ისმაელისა და ისაკისა,

ღმერთი ლტოლვილებისა და ჩაგრულებისა.

მწამს იესო ქრისტე

მარიამისა და იოსების ღარიბულ ოჯახში დაბადებული, რომელიც მშობლებთან ერთად იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო და ლტოლვილობაში აედგა ფეხი. რომელიც თავის ოკუპირებულ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პილატეს მმართველობის მხვერპლი შეიქნა. რომელსაც უსამართლოდ და დაუმსახურებლად სცემეს, შეურაცხყვეს, აგინეს და მოკლეს. რომელიც მესამე დღეს გაცოცხლა და დაგვანახა, რომ ღმერთის უპირობო სიყვარულსა და შენდობას წინ ვერაფერი დეუდგება.

მწამს სულიწმიდა

რომელიც ყველა ადამიანს შთააგონებს და წინამძღოლობს: ქალებს და კაცებს, დიდებს და პატარებს, შავკანიანებს და თეთრკანიანებს, ჰეტეროსექსუალებს, ჰომოსექსუალებს, ტრანსგენდერებს, ღარიბებს და მდიდრებს, ავადმყოფებს და კარგადმყოფებს.

მწამს ერთი ეკლესია

რომელიც დაჩაგრულების, გარიყულების და ღარიბების მხარეზე დგას, რომელიც ამ სოფლის ძლიერებს ქედს არ უხდის და სამართალს არ ამრუდებს, რომელიც მშვიდობას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ემსახურება.

მწამს წმიდანთა თანაზიარებისა

რომელიც საყოვეთაო კეთილდღეობის, ინტერ-რელიგიური და ინტრა-რელიგიური დიალოგისა და თანამშომლობის სამსახურში დგას. რომელიც სოლიდარობასა და ემპათიას იჩენს ადამიანების, ცხოველ-ფრინეველების და ამ სამყაროს ყველა წევრის მიმართ.

მწამს მრავალფეროვნებისა

ყველაზე დიდი ნიჭისა, რომელიც ამ სამყოში არსებობს.

მწამს ერთი ღმერთი:

ღმერთი მშვენიერებისა,

ღმერთი სიყვარულისა,

ღმერთი თავისუფლებისა.

კომენტარები