ადვოკატი განმარტავს, რატომ თქვა უარი სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობოურის ყოფილმა ადვოკატმა პირველ არხთან ინტერვიუში უარყო, რომ საქმეს კომპლექსური ანალიზის შემდეგ ჩამოშორდა და ექსპერტიზის დასკვნები მის გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის. 

"საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანების აზრს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რაღაც ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე მივიღე. გამოძიების შემდგომ ეტაპებზე წარმოიშვა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის იმ მიმართულებით, რომ სხვადასხვაგვარი სტრატეგიის განვითარებამ წამოიწია წინ. მე დაცვის სტრატეგიის შემუშავებას სხვა მიმართულებით ვფიქრობდი და ამ მიმართულებით თითქოს არათავსებადი იყო ჩვენი პოზიციები. ამიტომ, მივიჩნიე საჭიროდ მეფიქრა იმ საკითხზე, დავრჩენილიყავი თუ არა ამ საქმეში და შესაბამისად მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილებ", – აცხადებს დავით გირგვლიანი.

მისი თქმით, ბრალდებულის პოზიცია იქამდე ჩამოყალიბდა, სანამ ის საქმეში ჩაერთვებოდა.


"ასევე, მინდა იმ ადამიანებს ვუპასუხო, ვინც ამბობდა, თითქოს გარკვეულწილად მე მოვახდინე რაიმე პოზიციის ჩამოყალიბება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თუ გადახედავენ აღკვეთის სხდომაზე ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებებს, მიხვდებიან, რომ ვიდრე საქმეში ჩავერთვებოდი, მანამდე ამბობდა ბრალდებული ამას", - განაცხადა ადვოკატმა.


დავით გირგვლიანი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რა მოსაზრებები არსებობს საზოგადოებაში, მალხაზ კობაურს დაცვის უფლებას ვერავინ წაართმევს.

"რაც შეეხება დაცვის უფლებას, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ რაც არ უნდა მძიმე დანაშაულს აბრალებდნენ ადამიანს, მას აუცილებლად აქვს დაცვის უფლება. მალხაზ კობაურსალბათ სავარაუდოდ უფასო იურიდიული დახმარების სამსახური დაიცავს და ამ უფლებას მას არავინ წაართმევს. თავიდანვე ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო ამ საქმეში და გადაჭრით არსად არ მითქვამს, რომ ეს ადამიანი ცალსახად დამნაშავეა თუ უდანაშაულო. არასოდეს არ დავარღვევ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას მოითხოვს. უბრალოდ მივიჩნევ, რომ ეს საქმე ამ ეტაპზე აღარ უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობით. მე ვრჩები ჩემს პროფესიაში, ვრჩები სიმართლის მხარეს, კვლავ გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას, როგორც აქამდე, უბრალოდ, ამ საქმეში აღარ გავაგრძელებ მონაწილეობას", – აცხადებს კობაურის ყოფილი ადვოკატი.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს დაიღუპა. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს.

მედიის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, ლორა სმიტის ხეულზე კობოურთან სექსუალური კავშირის კვალი აღმოჩნდა.

კომენტარები