მესუთ იოზილი

იოზილი: რასიზმის და უპატივცემულობის პირობებში გერმანიის ნაკრებში აღარ ვითამაშებ

მესუთ იოზილი
Skysport

გერმანიის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ არსენალის მოთამაშემ, მესუთ იოზილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან გამოვლენილი რასიზმის გამო გერმანიის ნაკრებში თამაში აღარ სურს.

ვრცელ წერილში 29 წლის ფეხბურთელი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული სურათის გამო მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა:

"როგორც ბევრი სხვა ადამიანის, ჩემი წარმომავლობაც რამდენიმე ქვეყანას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში გავიზარდე ჩემი ოჯახის ფესვები თურქეთშია. მე ორი გული მაქვს, ერთი გერმანული და ერთი თურქული." "ერდოღანთან გადაღებული სურათი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი არ არის." "ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრეთ, ახალგაზრდობაში ისიც თამაშობდა ფეხბურთს." "მიუხედავად იმისა, რომ გერმანულმა მედიამ ეს სხვანაირად წარმოაჩინა, ერდოღანთან შეხვედრაზე უარის თქმა ჩემი ფესვების შეურაცხყოფა იქნებოდა." "ვერ მივიღებ გერმანული მედიის კრიტიკას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ცუდად ჩატარებას ჩემს წარმომავლობას და უბრალოდ სურათს აბრალებს." ნათქვამია განცხადებაში.

ფეხბურთელის თქმით ფოტოს გამო ის და მისი ოჯახი მუქარის და ზიზღის შემცველ წერილებს იღებს და მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა რამდენიმე კომპანიამ.

იოზილის თქმით გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის მოპყრობის გამო მას აღარ სურს გერმანიის ეროვნული მაისურის ტარება:

"მიმძიმს, მაგრამ ამ რასიზმის და უპატივცემულობის პირობებში გერმანიის ნაკრებში აღარ ვითამაშებ. გერმანიის მაისურს დიდი სიამაყით და აღტაცებით ვატარებდი, თუმცა ეს ასე აღარ არის. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი თანაგუნდელებისა და გერმანელი ხალხისათვის. მაგრამ როდესაც გერმანიის საფეხბურთო ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების ასე მექცევიან, უპატივცემულობას ავლენენ ჩემი თურქული ფესვებისადმი და ეგოისტურად მიყენებენ პოლიტიკური პროპაგანდისათვის, საკმარისია. ამისთვის არ ვთამაშობ ფეხბურთს და ამის მოთმენას არ ვაპირებ. რასიზმი არასოდეს უნდა იყოს მისაღები."

შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილის და გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშის, ილქაი გიუნდოგანის კრიტიკა მაისში ლონდონში თურქეთის პრეზიდენტთან გადაღებულ სურათს მოჰყვა. ზოგმა გერმანელმა პოლიტიკოსმა და მედიის წარმომადგენელმა ფეხბურთელების გერმანიის ნაკრებისადმი ერთგულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ფოტო თურქეთის მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდაც გამოიყენა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც თურქეთში გასულ თვეს გაიმართა ერდოღანის და მისი პარტიის გამარჯვებით დასრულდა.

გიუნდოგანი, იოზილი და ერდოღანი
ფოტო: Getty Images

კომენტარები