ხორავას ქუჩის საქმე

"მეორე მკვლელობაც მივაწებოთ" - რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ ბრალდება გ.ბ-ს მიმართ ამ მიდგომას იყენებს

მეორე არხი

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაირკვა, რომ ფარულ ჩანაწერში არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილის მკვლელობას აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ მეორე მოკლულ დავით სარალიძესთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ გ.ბ-ს დანაზე მხოლოდ დადუნაშვილის დნმ აღმოჩნდა და მასზე სარალიძის სისხლი არ ყოფილა. იმას, რომ გ.ბ-ს დავით სარალიძესთან ფიზიკური შეხება ჰქონდა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მ.კ მიუთითებს, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობისთვისაც წარუდგინა ბრალი და ფარული სატელეფონო ჩანაწერი სასამართლოში მტკიცებულებადაც წარადგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სარალიძის მკვლელობის ნაწილში არ გაიზიარა და გ.ბ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციოში ასაჩივრებს.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გაბოძე დაკითხეს. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნებს ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჰკითხა, რატომ გამოიყენეს მთავარ მტკიცებულებად ჩანაწერი, რომელიც დაცვის მხარეს დავით სარალიძის ნაწილში ბრალდებულის გამართლების საშუალებას აძლევდა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერი სარალიძის მკვლელობის ნაწილში წესით ადვოკატის მტკიცებულებაა და არა - ბრალმდებლის, რადგან არასრულწლოვანი გ.ბ აღწერს, როგორ დაარტყა დანა ლევან დადუნაშვილს, თუმცა, იქვე საუბრობს იმის შესახებ, რომ სარალიძეს არ შეხებია. ევროპული საქართველოს დეპუტატმა პროკურორებს ასევე უთხრა, რომ "არსებობს ინსტინქტი - "ამ კაცს უკვე შეტენილი აქვს ერთი მკვლელობა და მოდი, მეორეც მივაწებოთ". მე მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი კითხვა-პასუხი, ეს საქმე ზუსტად ასეთ ისტორიად დარჩება ნებისმიერი საღი აზრის მქონე საზოგადოებისთვის".

"ამ ჩანაწერში გ.ბ აღიარებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, მისთვის დანის დარტყმას, რაც ნიშნავს მკვლელობის აღიარებას, მაგრამ სარალიძესთან ფიზიკურ შეხებაში შესვლას -  არა. თქვენ ამას უბრალოდ ყოფთ, რაღაცნაირად. როგორ ახერხებთ ამას? ანუ თქვენ, როგორც ბრალმდებლებმა ეს ჩანაწერი წარადგინეთ როგორც ნივთმტკიცება, მოსამართლეს უთხარით, რომ “ეს არის, სადაც ეს კაცი სიმართლეს ამბობს”. სასამართლომ გაიზიარა დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მაგრამ ამ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც გ.ბ სარალიძეზე არაფერს არ ამბობს, როგორ იყენებთ სარალიძის მკვლელობაში ბრალდებისთვის. ეს გვითხარით თუ შეიძლება" - მიმართა ბოკერიამ ყოფილ პროკურორებს.

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი გაბოძე საპასუხოდ ამბობს, რომ "ფარული ჩანაწერი გამოყენებული იყო იმ ნაწილში მხოლოდ, რომ ფარდულში იმყოფებოდა გ.ბ... კონკრეტული მტკიცებულება სასამართლოზე გასაშვებად არ გამომიყენებია. გამოვიყენე მტკიცებულებათა ერთობლიობა და ეს სასამართლოს შესაფასებელია".

გიგა ბოკერიამ თბილისის ყოფილ პროკუროს და მის მოადგილეს სთხოვა, მოსამართლის ადგილას დააყენონ თავი.

"წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ მოსამართლე და მოგიტანეთ ჩანაწერი, რომ “აი, გამოვიჭირეთ, ჩუმად ჩავწერეთ და აღიარებს მკვლელობას". და ამ აღწერაში, ადასტურებს, რომ სარალიძეს არ შეხებია. ამ მტკიცებულების გამოყენება სარალიძის მკვლელობაში ბრალეულობისთვის როგორ წარმოგედგინათ? ერთის მხრივ მოსამართლეს ეუბნებით, რომ ამ ჩანაწერით დადუნაშვილის მკვლელობაზე ყველაფერი ირკვევა. და იმ ჩანაწერში აღწერს ფარდულს, ყველაფერს, მაგრამ აღწერს, რომ არ ყოფილა მეორე მოკლულთან შეხებაში. როგორ იყენებთ ამ ჩანაწერს მის წინააღმდეგ? ეს ჩანაწერი ხომ დაცვის მტკიცებულებაა სარალიძის მკვლელობის ნაწილში? ყველა კარგი ადვოკატი ამ ჩანაწერს გამოიყენებდა სარალიძის მკვლელობის ნაწილში გასამართლებლად და არა ბრალდებისთვის. [დავით სარალიძის] დნმ კვალი იყო გ.ბ-ს დანაზე? არ იყო. გადავედით ფარულ ჩანაწერზე, ეს ფარული ჩანაწერი ბრალდების მტკიცებულება კი არა, დაცვის მტკიცებულება იყო იმის დასამტკიცებლად, რატომ არის უდანაშაულო გ.ბ სარალიძის მკვლელობაში" - ამბობს ბოკერია.

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილის თქმით, "სისხლის სამართლის პროცესში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც საქმეზე ერთი მტკიცებულება არსებობს და მხარეთა მარიფათზე და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რომელი გამოიყენებს ამ მტკიცებულებას თავის სასარგებლოდ. მე ვფიქრობ, პროკურორებს შეეძლოთ, გამოყენებინათ ეს თავის სასარგებლოდ, მათ ეს გამოიყენეს და მოსამართლე უნდა დათანხმებოდა".

რაც შეეხება დავით სარალიძის დნმ-ს, ყოფილი პროკურორი პასუხობს, რომ მისი ბიოლოგიური მასალა გ.ბ-ს დანაზე ვერა, მაგრამ იმ ხელსახოცზე იპოვეს, რომელშიც იარაღი იყო შეხვეული. მისი მტკიცებით, "ექსპერტებმა ახსნეს, რომ დანაზე არ იყო დნმ, მაგრამ დანას აქვს ჩანართები, საიდანაც შეიძლება სალფეთქის შემოხვევის შემთხვევაში გადავიდეს დნმ".

"თქვენ სერიოზულად მიმტკიცებთ, რომ დანაზე თუ არ აღმოჩნდა მოკლულის დნმ, ეს ბრალდების მტკიცებულებაა და არა დაცვის? გეკითხებით, მინიმუმ გონივრული ეჭვი შეიქმნა თუ არა ბრალდებულის სასარგებლოდ, რომ მის დანაზე არ არის მოკლულის დნმ? ეს ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ რანაირად იყო? ჩანაწერში ადამიანი ერთ ბრალს აღიარებს, მეორეს არა, თქვენ ამბობთ - ჩვენი მტკიცებულება არისო. დნმ რომ არ არის დანაზე მოკლულის - ჩვენი მტკიცებულება არისო. აგერიათ ბატონებო, ეს ადვოკატების მტკიცებულებაა, რომ გაამართლოს ადამიანი" - თქვა ბოკერიამ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კითხვაზე, "გონივრული ეჭვი არ გააჩინა იმან, რომ დანაზე არ იყო ერთი გარდაცვლილის დნმ და მეორის დნმ იყო?", გიორგი გაბოძემ უპასუხა, რომ "ეჭვი გამიჩნდა, ვიკითხე და მივიღე პასუხი, რომ ეს შესაძლებელია".

"ჩვენ აქ გვყავდა ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და თეორიულად ბევრი რამეა შესაძლებელი, მათ შორის დროში მოგზაურობა, მაგრამ იმ მოცემულობიდან, რაც თქვენ გქონდათ ანუ დანაზე იყო ერთი ადამიანის სისხლი და მეორის - არა. იმის ალბათობა, რომ გაქრა და მხოლოდ ერთი ადამიანის სისხლის ნაწილი გადავიდა სალფეთქზე, როგორ არ აღძრავს თქვენში გონივრულ ეჭვს?" - თქვა კაპანაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კითხვა გაუჩნდა.

"მითხრეს, რომ შეიძლება მოხდეს ასეთი რამე. სანამ საქმეს სასამართლოში გავუშვებ და სანამ ვინმეს ბრალს წარვუდგენ, საქმეს ვუყურებ ადვოკატის მხრიდან და ხელოვნურადაც ეჭვებს გამოვთქვამ კონკრეტულ დეტალებზე. ბევრ რამეზე მქონდა კითხვები და რაზეც მივიღე პასუხი, რომ შეიძლება გამოიყენოს ბრალდებამ თავის სასარგებლოდ, გამოვიყენე" - თქვა შაყულაშვილმა.

კითხვაზე, "სალფეთქზე გითხრათ ექსპერტმა, რომ სისხლი იყო?", ყოფილი პროკურორი განმარტავს, რომ ეს იყო ბიოლოგიური მასალა.

"ანუ სისხლი კი არ იყო, იყო ბიოლოგიური მასალა, ისიც, შერეული პროფილი. სისხლი იყოვო, არავის არ უთქვამს. ამ ექსპერტიზის მერე იმის მტკიცება, რომ გ.ბ-მ უტყუარად გამოიყენა დანა სარალიძის მიმართ, მაინც მიგაჩნიათ მართებულად?" - მიმართა კაპანაძემ ყოფილ პროკურორებს. გიორგი გაბოძემ და მიხეილ შაყულაშვილმა ერთხმად უპასუხეს, რომ "მტკიცებულებათა ერთობლიობით" მიაჩნიათ მართებულად.

---------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. ამის შემდეგ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. ასევე, რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს დაპირისპირების ერთერთი მონაწილე არასრულწლოვანი დ.ღ.

კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები