მედიცინა

FDA-მ მალარიის ახალი წამალი დაამტკიცა

მალარიის გამომწვევი კოღო ანოფელესი

ამერიკის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ მალარიის ახალი წამალი დაამტკიცა. ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ეს მალარიის პირველი დამტკიცებული წამალია. მეცნიერები მას ფენომენალურ მიღწევად მიიჩნევენ. 

წამალი ტაფენოქვინი მალარიის ქრონიკული, განმეორებითი ფორმის მკურნალობისთვისაა გამიზნული. მალარიის ამ ფორმით ყოველ წელს 8.5 მილიონი ადამიანი ავადდება და სუბსაჰარული აფრიკის გარეთ მალარიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

განმეორებითი მალარია განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგან მას ღვიძლში "მთვლემარე" ფორმით არსებობა და ორგანიზმის მრავალჯერ ხელახლა ინფიცირება შეუძლია. ბავშვები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. 

ახალი წამლის ერთ-ერთი უპირატესობა ერთი დოზით მკურნალობის შესაძლებლობაა. არსებული მკურნალობა წამალი პრინამოქვინის ორკვირიანი კურსისგან შედგება, რომელსაც პაციეტები ხშირად არ ამთავრებენ, რადგან თავს მალევე უკეთ გრძნობენ და შედეგად პარაზიტი ორგანიზმში რჩება.

დაავადების გამომწვევი პარაზიტი პლაზმოდიუმი (plasmodium vivax) კოღოს გადააქვს და კბენისას გადადის. არსებობს წამლები, რომლებიც კურნავს თავდაპირველ ინფექციას, მაგრამ ხშირად პარაზიტი ღვიძლამდე აღწევს, სადაც თვეების ან წლების განმავლობაში "მთვლემარე" მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ინფექციას განაახლებს. 

მთვლემარე მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ პარაზიტი გადამდები ხდება, რაც დაავადების გავრცელების პრევენციას კიდევ უფრო ართულებს. ახალი წამალ პარაზიტს ღვიძლიდან გამოდევნის და დაავადების რეციდივის და გავრცელების პრევენციას ახდენს. მისი მიღება იმ წამალთან ერთად შეიძლება, რომელიც არსებულ ინფექციას კურნავს. 

"პარაზიტის ერთი დოზით თავიდან მოშორება ფენომენალური მიღწევაა და ჩემი აზრით, მალარიის მკურნალობაში ბოლო 60 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა."- უთხრა პრესას ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა რიკ რაისმა. შემდეგი გამოწვევა წამლის იმ ქვეყნებში შეტანა იქნება, რომლებშიც მალარია მწვავე პრობლემაა. 


წამალი ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა და ორგანიზაცია Medicines for Malaria Venture-მა შექმნა და Bill & Melinda Gates Foundation-ის მიერაა დაფინანსებული.

 

 

 

 

 

კომენტარები