მირზა სუბელიანი

ყოფილი პროკურორი: მკვლელობის დღეს სუბელიანი ჩემთან მოვიდა - მირჩიე რა გავაკეთოო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დღეს მირზა სუბელიანი თბილისის პროკურორთან რჩევის საკითხავად მივიდა. ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ყოფილი პროკურორის თქმით, მან სუბელიანს ურჩია, რომ შვილთან ერთად პოლიციაში მისულიყო და ჩვენება მიეცა. 

"ურთიერთობას რაც შეეხება, გამარჯობა-გაგიმარჯოს სახის ურთიერთობა მქონდა, კოლეგა იყო, ათასი კორპორატიული მომენტია, იქ შევხვედრივართ ხოლმე. პირველ დეკემბერს ამ ფაქტის შესახებ რომ გავიგე, 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. ვერ ვიცანი თავიდან, მერე ამიხსნა, რომ მირზა იყო, ვუთხარი რომ არ მეცალა 51-ე სკოლის ამბებზე ვიყავი გადართული და მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით უნდოდა შეხვედრა. მე მივხვდი, რომ რაღაც ინფორმაცია ჰქონდა და ვუთხარი სასწრაფოდ მოსულიყო.

დაახლოებით 16:35-ზე მოვიდა ჩემთან კაბინეტში, თბილისის პროკურატურაში, გაფითრებული და დაბნეული იყო დავსვი და ვკითხე რა ხდება.

მეუბნება, 51-ე სკოლასთან უბედურება, ჩემი შვილის და მისი მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა, ჩემმა შვილმა გადაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავისმხრივ წამოიყვანა თავისი მეგობრები, გავიდნენ გვერდით ქუჩაზე სადაც მოხდა ეს ჩხუბი და უბედურება.

სუბელიანმა მკითხა, ვარ დაბნეული და მირჩიე რა გავაკეთო.

ვუტრიალებ კითხვას და ვეუბნები მირზა შენი შვილი უშუალოდ არის მკვლელობაში გარეული თუ არა და ვის ეჭირა დანა?

რაზეც მპასუხობს, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ უშუალოდ მკვლელობაში იყოს ჩარეული, ხოლო ვინ იხმარა დანა არ ვიცი.

მესამედაც ვკითხე და იგივე პასუხი მივიღე და მივხვდი, რომ კითხვების დასმას აღარ აქვს აზრი და ვეუბნები ასეთ ტექსტს - მირზა გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი (ჩემი შვილი იყო ლევან დადუნაშვილი კლასელი და საუკეთესო მეგობარი) მე ვუთხარი მირზას, ახლავე ჯდები მანქანაში, ისვამ შენს შვილს და მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას. ამის შემდეგ მას არაფერი უთქვამს გავიდა და დატოვა შენობა.

16:45-ზე დავურეკე მთავარ პროკურორს და მოვუყევი საუბრის შინაარსი, ასევე კურატორ მოადგილეს ვუთხარი ვიზიტის შესახებ და ისიც ვუთხარი, რომ პოლიციაში გავაგზავნე.

მაგ დროს პოლიციას არც ვერსია ჰქონდა დალაგებული და არც მონაწილეები იცოდნენ, მე მივხვდი რომ სუბელიანის შვილს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნებოდა. დავურეკე ჩემს მოადგილეს გაბოძეს და ვუთხარი გაეკონტროლებინა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო სუბელიანის შვილისგან. ვეცადე დავკავშირებოდი ქალაქის პოლიციის უფროსს და ვერ დავურეკე და მოადგილეს ველაპარაკე. ვუთხარი მოვიდოდა მირზა სუბელიანი და მის შვილს ჰქონდა სერიოზული ინფორმაცია და ასევე ვუთხარი, რომ გაეკონტროლებინა მისი დაკითხვა, რათა სრული ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ კონტაქტი აღარ მქონია.

8 აპრილს აღდგომას ერთიან მესიჯს რომ ვაგზავნით ყველა მიმართულებით, ეგ მესიჯი გავუგზავნე, სხვა კონტაქტი არ მქონია." - ყვება შაყულაშვილი.

რაც შეეხება თბილისის ყოფილ პროკურორის მოადგილეს გიორგი გაბოძეს, მან კომისიას უთხრა, რომ სუბელიანთან არ მეგობრობს, მხოლოდ გენ-ინსპექციაში დანიშვნა მიულოცა ტელეფონით.

"მირზა სუბელიანს ვიცნობ, პირადი ურთიერთობა თუ გაინტერესებთ არ ვმეგობრობ და არც არასდროს ვმეგობრობდი მასთან და არც საერთო მეგობრები გვყავს. პირველი დეკემბრის შემდეგ არანაირი შეხვედრა არ მქონია. მე ის ვნახე  თავის შვილთან ერთად იმ განყოფილებაში, სადაც იკითხებოდა, იმ ოთახში ვიყავი სადაც შემოვიდნენ და ვნახე, მესამე განყოფილებაში.

ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი არ მქონია, ადრე როცა დაინიშნა გენერალურ ინსპექციაში დავურეკე და მივულოცე, მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ერთადერთი თუ შემხვდებოდა სადმე დერეფანში, გამარჯობას თუ ვეტყოდი ეს იყო. სამსახურებრივად არანაირი კვეთა არ გვქონია, იმიტომ რომ ეგ მუშაობდა კადრების განყოფილებაში და რა ფუნქციებით იყო აღჭურვილი დღემდე არ ვიცი, მასთან ფუნქციური ურთიერთობა საერთოდ არ მქონია, არანაირი ურთიერთობა მე მასთან არ მქონია." - ამბობს გაბოძე. 

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არსებულ ერთერთ ვიდეოზე 24 იანვარს შედგენილ ოქმში მირზა სუბელიანი უცნობ მამაკაცად არის მოხსენიებული.  

"კადრში ჩანს თენგიზ კალანდია, რომელიც უცნობ მამაკაცთან ერთად გამოდის საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან და გადის კადრიდან."- წერია ოქმში.

კომისიის ერთერთ სხდომაზე სადაც,  თბილისის პოლიციის უფროსს შალვა ბედოიძეს, თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსს იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას უსმენდნენ, სამივე მათგანმა თქვა, რომ მირზა სუბელიანს არ იცნობენ. 

მკვლელობის ერთერთი მოწმის მამას, პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, მირზა სუბელიანს, წინასწარი პატიმრობა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აქვს შეფარდებული. 

სუბელიანს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდა და მის დაკავებას ითხოვდა. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები