საბერძნეთი

ნიკოს კოციასი: დრო, როდესაც თვალის დახუჭვა დიპლომატიად ითვლებოდა, დასრულდა

EPA

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს კოციასის თქმით "რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების უპატივცემულობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავს უფრო ძლიერად გრძნობს, არ შეუძლია."

მიმდინარე თვის დასაწყისში ოფიციალურმა ათენმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, კიდევ ორს კი საბერძნეთში დაბრუნების უფლება არ მისცა. მიზეზად მათი მხრიდან საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ამ უკანასკნელის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობა დასახელდა.

საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა სექტემბერში საბერძნეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთი პროვოკაციაში დაადანაშაულა და საპასუხო ქმედებებით დაიმუქრა.

კოციასის თქმით ქვეყნის ეროვნული ინტერესები პირველ ადგილს იკავებს:

"საბერძნეთმა გადაწყვიტა, რომ მესიჯი გაუგზავნოს აღმოსავლეთს და დასავლეთს, ყველა მის მეგობარს და სხვებაც, რომ განურჩევლად იმისა, თუ ვინ უარყოფს ჩვენს სუვერენიტეტს და პატივიცემას ჩვენდამი, ჩვენ ზომებს მივიღებთ. დრო, როდესაც თვალის დახუჭვა დიპლომატიად ითვლებოდა, დასრულდა."

საბერძნეთმა და მაკედონიამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად შეთანხმებას გასულ თვეს მიაღწიეს. მაკედონიას Severna Makedonija (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) ეწოდება. დავის გადაჭრის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ NATO-ში გაწევრიანების მიწვევა მიიღო.

გასულ კვირას მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა ბერძნულ-რუსული წარმოშობის ბიზნესმენი შეთანხმების მოწინააღმდეგეების და ულტრა-ნაციონალისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისაგან განსხვავებით, საბერძნეთმა სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა. ოფიციალური ათენი ევროკავშირის მიერ მოსკოვისათვის დაწესებული სანქციების შერბილების მომხრეც იყო.

კომენტარები