ხორავას ქუჩის საქმე

"ჩხუბში ეხმარება და არა მკვლელობაში" - რატომ არ წარუდგინეს კალანდიას ბრალი თანამონაწილეობაზე

საქართველოს პარლამენტი

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ევროპული საქართველოს დეპუტატებმა თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს ჰკითხეს, რატომ არ წარუდგინეს ბრალი თანამონაწილეობისთვის მიხეილ კალანდიას, მაშინ როცა, მის წინააღმდეგ არაერთი მოწმე მიუთითებდა. მიხეილ შაყულაშვილის და გიორგი გაბოძის განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, კალანდია სარალიძეს იქამდე ურტყამს, ვიდრე დაინახავს, რომ გ.ჯ დანას იღებს.

მოწმეები, ვინც მ.კ-ს სარალიძესთან ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებენ

საგამოძიებო კომისიის 23 ივლისის სხდომაზე, დეპუტატმა ოთარ კახიძემ თქვა, რომ მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, მიხეილ კალანდია ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად იმყოფება და მასთან ფიზიკურ კონტაქტშია. კერძოდ, მოწმე გ.მ-ს ჩვენების მიხედვით, კალანდია დავით სარალიძის დამორჩილებას ცდილობდა. ასევე, ფარულ ჩანაწერში გ.მ ამბობს, რომ მიხეილ კალანდია ცდილობდა, დავით სარალიძე გაეგდო. გ.ჯ 2-ს და ლ.ბ-ს ჩვენებებით, სარალიძესთან ჩხუბობდნენ “რიჟა ბიჭი” ანუ გ.ჯ და “მსუქანი ბიჭი” ანუ მ.კ. გარდა ამისა, კალანდიას ძმა, ლ.კ ამბობს - “ჩემს ძმას ხელით გამოუწევია გ.ბ. და თავად ურტყამდა მუშტებს სარალიძეს, პარალელურად დაუნახავს, რომ დანა დაურტყამს სარალიძისთვის გ.ჯ.-საც”.

ასევე, 14 დეკემბრის ჩვენებაში, დ.ღ ამბობს, რომ სარალიძემ გ.ჯ და მ.კ შეაგდო ფარდულში და მ.კ ურტყამდა სარალიძეს. ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ბ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში ადასტურებს, რომ ჩხუბობდნენ გ.ჯ, სარალიძე, მ.კ და გ.მ. ხოლო მ.კ. უკნიდან ექაჩებოდა სარალიძეს. თ.ნ-ს ჩვენებითაც, დავით სარალიძემ ჩხუბი დაიწყო მ.კ-სთან და გ.ჯ-სთან.

გარდა ამისა, თავად მიხეილ კალანდია 2 დეკემბრის ჩვენებაში ამბობს, რომ მუშტს ურტყამდა სარალიძეს, 3 დეკემბერსაც იგივეს ადასტურებს. ასევე 23 დეკემბერს ამბობს, რომ ეხმარება დანით შეიარაღებულ გ.ჯ-ს და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში დავით სარალიძეს, ის აფიქსირებს იმ მომენტსაც, როცა სარალიძე შენელდა და ვეღარ აქტიურობდა.

“სასამართლოში მიცემულ ჩვენებებზე აღარ გადავდივარ, რადგან მე ბრალის წაყენების მომენტზე ვსაუბრობ და ამ მომენტში თქვენ პრაქტიკულად გაქვთ მტკიცებულებათა სრული ერთობლიობა მ.კ-ს მიმართ, რომ წაუყენოთ ბრალი” - ამბობს ოთარ კახიძე, რასაც თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი გაბოძე არ დაეთანხმა.

“ეს არის მ.კ-ს წინააღმდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამის გარდა, თქვენ გაქვთ დადგენილი ფაქტი, რომ გ.ჯ, რომელიც ახლა არის მსჯავრდებული, რატომღაც თქვენი შეფასებითვე უდანაშაულო მ.კ-სთან ერთად იმალებოდა. დამნაშავე და უდანაშაულო ერთად იმალება და ამას აორგანიზებს მ.კ-ს ოჯახი, ხომ ასეა?” - მიმართა კახიძემ თბილისის ყოფილ პროკურორს, რაზეც მან უპასუხა, რომ “დამალვა  არ აღძრავს ეჭვს, რადგან 51-ე სკოლის ნახევარი დამალული იყო”. მიხეილ შაყულაშვილის თქმითვე, საქმეში არის მოცემულობა, რომ სარალიძე ფიზიკურად ძლიერია და დაჯაბნა გ.ჯ.

“სწორედ ამ დროს მიდის მ.კ და ჩხუბით ეხმარება მას. ვინაიდან გ.ჯ-ს ჩაგრავს სარალიძე ფიზიკურად, ამიტომ მიდის დასახმარებლად - მ.კ-ს აღქმით, ეს არის აუცილებელი დახმარება. ჩხუბში დასახმარებლად მიდის და არა მკვლელობის ნაწილში” - ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი.

კითხვაზე, “ვის ეხმარება, იმ პირს ეხმარება, ვინც დანას ურტყამს 12-ჯერ ადამიანს? ამის დახმარება მკვლელობაში თანამონაწილეობაა”, პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი გაბოძე პასუხობს, რომ “სანამ დანას დაარტყამდა, მანამდე ეხმარება”.

ოთარ კახიძის თქმით, პროკურატურას დადგენილი აქვს შემდეგი გარემოება - მიხეილ კალანდიას ჩხუბის დაწყებიდან ჩხუბის ბოლომდე იმყოფება ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად. ასევე დადგენილი ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც მ.კ ფარდულში იმყოფება, სარალიძეს აყენებენ 12 ჭრილობას, დადგენილი ფაქტია მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, რომ მ.კ არის პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში სარალიძესთან, მას იჭერს, მის დამორჩილებას ცდილობს და ამავე დროს მუშტებს ურტყამს.

"ანუ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ საქმეში. თქვენ [ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ] გ.ბ-ზე ამბობთ, რომ დანა იყო სისხლის გარეშე, ფარულ ჩანაწერში არ დასტურდება, რომ საერთოდ რაიმე კონტაქტშია სარალიძესთან, ქაღალდი სხვა პირს ეკუთვნის, იქაც სისხლი რომ არის, ვერ დაადგინეთ, გ.ბ-ს ტანსაცმელი არ არის და გრჩებათ ერთადერთი მ.კ-ს ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება გ.ბ-ს ამ ნაწილში ყველა სხვა მოწმის ჩვენებას და მაინც წაუყენეთ ბრალი [დავით სარალიძის მკვლელობაში] გ.ბ-ს და მ.კ-ს რატომ არ წაუყენეთ ბრალი, როცა ასეთი ერთობლიობა გქონდათ მტკიცებულებების? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მ.კ-ს დანით სარალიძის მკვლელობაში ბრალი წაგეყენებინათქო, რომ იცით, ფარდულშია ეს პირი, იჭერს და იმორჩილებს და ხელს ურტყამს სარალიძეს, ამაზე თანამონაწილეობისთვის ბრალი რატომ არ წარუდგინეთ?” - მიმართა კახიძემ ყოფილ პროკურორებს.

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილის გიორგი გაბოძის თქმით, როდესაც ადამიანს განზრახ დანაშაულში სდებ ბრალს, სახეზე უნდა იყოს განზრახვა.

“როდესაც ჯგუფურ დანაშაულში სდებ ბრალს, თანაამსრულებლობას შევეხები მარტო, აქ უნდა იყოს ორმაგი განზრახვა. ანუ მ.კ-ს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ გ.ჯ-ს განზრახული ჰქონდა სარალიძის მკვლელობა. მ.კ ხელს ურტყავდა სარალიძეს, კი ბატონო, მაგრამ საქმის მასალების მიხედვით, ეს ხდება მანამ, სანამ დაინახავს, რომ გ.ჯ არტყამს დანას. ამ პერიოდში მ.კ მოქმედებს აუცილებელი დახმარების პირობებში. მე ვეხები პერიოდს, სანამ გ.ჯ-ს დანა გამოჩნდება, სანამ მ.კ დაინახავს გ.ჯ-ს დანას” - ამბობს გაბოძე.

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილის თქმით, თუ ოდესმე, ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რომელიმე პროკურორი ბრალს წარუდგენს მ.კ-ს და სასამართლოს სამივე ინსტანცია მას დამნაშავედ ცნობს, მზად არის, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

“მაგრამ მე სისხლხორცეულად მჯერა, რომ აქ შეუძლებელი იყო თანაამსრულებლობა და ბრალის წარდგენა, თორემ რომ ყოფილიყო შესაბამისი ობიექტური შემადგენლობა დანაშაულის და რომ ყოფილიყო შესაბამისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ამას ჩემი პროკურორები ჩემი დავალებით გააკეთებდნენ” - ამბობს გაბოძე და აღნიშნავს, რომ “კი ბატონო, ურტყამდა, დადასტურებულია, მაგრამ ურტყამდა იმიტომ, რომ ცდილობდა, აღარავინ მიეშვა… მეორე პირიც იყო კალანდიას მხრიდან გ.მ. მგონი, რომელიც ასევე ცდილობდა,  რომ სხვა პირები არ შეეშვა, ამათი მიზანი იყო, რომ როგორმე გ.ჯ ხელიდან დასხლტომოდა სარალიძეს, კონდიციებიც რომ ავიღოთ, გარდაცვლილი იყო დაახლოებით 160 კილო და ბრალდებული 60 კილო, შესაბამისად, მას ეხმარებოდნენ, რომ როგორმე სარალიძისაგან დაეხსნათ”.

-------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

ამის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები