მხატვრული ლიტერატურა

ნილ გეიმანი მხატვრულ ლიტერატურასა და ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე

ნილ გეიმანი

ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, გითხრან, თუ რომელ მხარეს დგანან და რატომ, და შესაძლებელია თუ არა, რომ მიკერძოებულები იყვნენ. მე თქვენ მოგიყვებით კითხვის შესახებ, მე თქვენ გეტყვით, რომ ბიბლიოთეკები მნიშვნელოვანია. მე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა, სიამოვნებისთვის კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ნება მომეცით ემოციური ვიყო მტკიცებისას, რომ ადამიანებმა გაიგონ რა არის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარები, რათა ორივე მათგანი შევინარჩუნოთ.

მე უკიდურესად და აშკარად მიკერძოებული ვარ. მე ავტორი ვარ, ხშირად მხატვრული ლიტერატურის ავტორი. მე ვწერ ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. 30 წელია, რაც თავს ჩემი სიტყვებით ვირჩენ, უმეტესად რაღაცეების გამოგონებით და ჩაწერით. აშკარაა, რომ ჩემს ინტერესში შედის, რომ ადამიანებმა იკითხონ, იკითხონ მხატვრული ლიტერატურა და ბიბლიოთეკებმა და ბიბლიოთეკარებმა განაგრძნონ არსებობა და ხელი შეუწყონ კითხვის სიყვარულს და იმ ადგილებს, სადაც კითხულობენ.

როგორც მწერალი, მე მიკერძოებული ვარ. მაგრამ გაცილებით უფრო მეტად მიკერძოებული ვარ როგორც მკითხველი. უფრო მეტად მიკერძოებული კი ვარ, როგორც ბრიტანეთის მოქალაქე.

ერთხელ ნიუ-იორკში ვიყავი და ვისმენდი გამოსვლას კერძო ციხეების მშენებლობის შესახებ, რომელიც მზარდი ინდუსტრიაა ამერიკაში. ციხის ინდუსტრიამ უნდა დაგეგმოს მისი მომავალი ზრდა - რამდენი საკანი დასჭირდებათ? რამდენი პატიმარი იქნება  15 წელში? მათ აღმოაჩინეს, რომ ამის პროგნოზირება მარტივადაა შეეძლოთ, საკმაოდ მარტივი ალგორითმის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება გამოკითხვას, თუ რამდენ 10-11 წლის ბავშვს არ შეუძლია კითხვა. განსაკუთრებით სიამოვნებისთვის კითხვა.

ერთი ერთში არ ხდება. ვერ იტყვი, რომ წერა-კითხვის მცოდნე საზოგადოებაში დანაშაულები არ ხდება. მაგრამ არსებობს საკმაოდ რეალური კორელაციები.

ჩემი აზრით, ეს კორელაციები რაღაც ძალიან მარტივიდან გამომდინარეობს. წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები მხატვრულ ლიტერატურას კითხულობენ.

მხატვრულ ლიტერატურას ორი გამოყენება აქვს. პირველ რიგში, ის „კარიბჭის ნარკოტიკია“ კითხვისთვის. სწრაფვა, რომ იცოდე რა მოხდება შემდეგ, სურვილი, რომ გადაფურცლო, გაგრძელების საჭიროება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რთული იყოს, ვიღაც გასაჭირშია და შენ გინდა იცოდე, თუ როგორ დასრულდება ყველაფერი... ეს საკმაოდ რეალური მოთხოვნილებაა. იგი გაიძულებს, რომ ისწავლო ახალი სიტყვები, რომ იფიქრო ახალ აზრებზე, რომ გააგრძელო. იმისთვის რომ აღმოაჩინო, რომ კითხვა თავისთავად სასიამოვნოა. როცა ამას გაიგებ, შენ ყველაფრის წაკითხვის გზას ადგახარ.

ყველაზე მარტივი გზა, რომ წერა-კითხვის მცოდნე ბავშვები აღვზარდოთ არის, ვასწავლოთ მათ კითხვა და ვაჩვენოთ, რომ კითხვა სასიამოვნო საქმიანობაა. ეს ნიშნავს, სულ მცირე, იმ წიგნების მოძიებას, რომლებიც მათ მოსწონთ, მათ წვდომას წიგნებთან და კითხვის საშუალების მიცემას.

არ მგონია, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ცუდი წიგნი ბავშვისთვის. დროდადრო, ზრდასრულების ნაწილში მოდური ხდება, რომ გამოაცხადონ საბავშვო წიგნების ნაწილი, ჟანრი ან შესაძლოა ავტორი ცუდად - ისეთ წიგნად, რომლის წაკითხვისგანაც ბავშვი უნდა დავაზღვიოთ.

ეს აბსურდი, სნობიზმი და სისულელეა. არ არსებობს ცუდი ავტორი ბავშვისთვის, რომელიც ბავშვებს მოსწონთ და რომლის წაკითხვაც უნდათ, რადგან ყველა ბავშვი განსხვავებულია. არ შეზღუდოთ ბავშვი კითხვისგან იმის გამო, რომ თქვენ არ მოგწონთ რას კითხულობს. მხატვრული ლიტერატურა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ არის ბილიკი იმ წიგნებისკენ, რომლებიც შესაძლოა თქვენც გერჩივნოთ. ყველას თქვენნაირი გემოვნება არ აქვს.

მეორე რამ, რასაც მხატვრული ლიტერატურა აკეთებს არის თანაგრძნობის ჩამოყალიბება. როდესაც შენ უყურებ ტელევიზორს ან ფილმს, შენ აკვირდები თუ რა ემართება სხვა ადამიანებს. პროზა კი ისეთი რაღაცაა, რაც 26 ასოსგან და ერთი მუჭა სასვენი ნიშნებისგან იქმნება და შენ, მხოლოდ შენ, შენი წარმოსახვის მეშვეობით ქმნი სამყაროს და ადამიანებს მასში და სხვისი თვალებიდან იხედები. შენ გრძნობ ისეთ რაღაცეებს, მოგზაურობ ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც სხვა შემთხვევაში არ გეცოდინებოდა. შენ იგებ, რომ ყველა დანარჩენი ადამიანიც შენ ხარ. შენ ვიღაც სხვა ხარ და როდესაც საკუთარ სამყაროს უბრუნდები, ოდნავ შეცვლილი ხარ.

თანაგრძნობა ადამიანების ჯგუფებად ჩამოყალიბების იარაღია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავით შეპყრობილმა ადამიანებმა.

2007 წელს ჩინეთში პირველი პარტიის მიერ სანქცირებული სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ყრილობა გაიმართა. ერთ მომენტში მე გვერდზე გავიყვანე მთავარი თანამდებობის პირი და ვკითხე: რატომ? სამეცნიერო ფანტასტიკა დაგმობილი იყო დიდი დროის განმავლობაში. რა შეიცვალა?

მარტივია, მიპასუხა მან. ჩინელებს არაჩვეულებრივად გამოსდიოდათ რაღაცეების შექმნა თუ გეგმავს სხვები მიაწვდიდნენ. მაგრამ ისინი არ იგონებდნენ და არ ქმნიდნენ ინოვაციებს. ისინი არ იგონებდნენ.  ამგვარად, მათ გაგზავნეს დელეგაცია აშშ-ში, Apple-ში, Microsoft-ში, და Google-ში და კითხვები დაუსვეს ადამიანებს, რომლებიც თავად იგონებდნენ მომავალს. მათ აღმოაჩინეს, რომ ყოველი მათგანი კითხულობდა სამეცნიერო ფანტასტიკას მაშინ, როცა პატარა ბიჭები ან გოგონები იყვნენ.

მხატვრულ ლიტერატურას შეუძლია გაჩვენოს განსხვავებული სამყარო. წაგიყვანოს იქ, სადაც არასდროს ყოფილხარ. როცა უკვე ნამყოფი იქნებით სხვა სამყაროებში, მათ მსგავსად ვინც ჯადოსნური ხილი შეჭამა, ვეღარასდროს დაკმაყოფილდებით იმ სამყაროთი, რომელშიც გაიზარდეთ. უკმაყოფილება კარგი რამაა, უკმაყოფილო ადამიანები აუმჯობესებენ და გარდაქმნიან მათ სამყაროებს, უკეთეს და განსხვავებულ სამყაროს ტოვებენ.

ბავშვისთვის კითხვის სიყვარულის განადგურების კიდევ ერთი გზაა, რომ შეუქმნა სიტუაცია, რომელშიც მის ირგვლივ წიგნი არ იქნება და არ მისცე ადგილი სადაც წაიკითხავს. მე გამიმართლა. მე მქონდა არაჩვეულებრივი ადგილობრივი ბიბლიოთეკა, რომელშიც გავიზარდე. მშობლები, რომლებსაც მარტივად ვარწმუნებდი, რომ სამსახურში წასვლამდე  ბიბლიოთეკაში დავეტოვებინე და ბიბლიოთეკარები, რომლებიც არ იყვნენ წინააღმდეგები, რომ პატარა ბიჭი ყოველ დილას საბავშვო ბიბლიოთეკაში მოსულიყო და კატალოგში მოეძებნა წიგნები მოჩვენებებით, ჯადოქრებით ან რაკეტებით. ისინი კარგი ბიბლიოთეკარები იყვნენ. მათ უყვარდათ წიგნები და განსაკუთრებით უყვარდათ წაკითხული წიგნები. მათ მასწავლეს, თუ როგორ გამომეწერა წიგნები სხვა ბიბლიოთეკებიდან და არ უყურებდნენ სნობურად არაფერს, რასაც მე ვკითხულობდი.  ისინი მექცეოდნენ, არც მეტი არც ნაკლები, როგორც ჩვეულებრივ მკითხველს. რაც ნიშნავს, რომ ისინი პატივისცემით მეპყრობოდნენ. რვა წლის ბავშვისთვის ეს საკმაოდ უჩვეულო იყო.

ბიბლიოთეკები თავისუფლების შესახებაა. კითხვის თავისუფლების, იდეების თავისუფლების, კომუნიკაციის თავისუფლების. ისინი განათლების (რომელიც არ წარმოადგენს პროცესს, რომელიც სკოლის ან უნივერსიტეტის დამთავრებასთან ერთად სრულდება), გართობის, უსაფრთხო სივრცეების შექმნის და ინფორმაციასთან წვდომის შესახებაა.

ვღელავ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანებს არ ესმით, თუ რა არის ბიბლიოთეკა და რა დანიშნულება აქვს მათ. თუ თქვენ წარმოიდგენთ ბიბლიოთეკას, როგორც წიგნების თაროს,  იმ სამყაროში, რომელშიც ბეჭდური წიგნების უმეტესობა ციფრულადაც არსებობს ის ძველმოდურად და დრომოჭმულად მოგეჩვენებათ. მაგრამ ეს მთავარ იდეასთან ფუნდამენტური აცდენაა.

გაცილებით უფრო მეტი ბავშვი ითხოვს წიგნს ბიბლიოთეკიდან ვიდრე ოდესმე- ყველანაირი წიგნები, ბეჭდური, ციფრული ან აუდიო. მაგრამ, გარდა ამისა,  არის ადგილი, სადაც ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტი ფულის გადახდის გარეშე.

მე არ მიმაჩნია, რომ  მომავალში ყველა წიგნი გადაინაცვლებს ან უნდა გადაინაცვლოს ეკრანზე: როგორც ერთხელ დაგლას ადამსმა მითხრა ქინდლის გამოჩენამდე 20 წლით ადრე, ფიზიკური წიგნი ზვიგენივითაა. ზვიგენი უძველესი ცხოველია: ოკეანეში ზვიგენები დინოზავრებამდე იყვნენ. მიზეზი რატომაც ისინი ისევ ზვიგენები არიან არის, რომ ზვიგენები უკეთესები არიან ზვიგენობაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ფიზიკური წიგნი მყარია, მისი განადგურება რთულია, წყალგამძლეა, მზის სინათლეზე მუშაობს და ხელში დასაჭერადაც კომფორტულია: ისინი კარგები არიან წიგნად ყოფნაში და მათთვის ადგილი ყოველთვის იქნება.  მათი ადგილი ბიბლიოთეკებშია, ისევე როგორც ბიბლიოთეკა უკვე გახდა ადგილი სადაც შეგიძლია წახვიდე და მიიღო წვდომა ელექტრონულ წიგნებზე, აუდიოწიგნებზე, DVD-ზე და ინტერნეტზე.

ბიბლიოთეკა არის ინფორმაციის საცავი და თითოეულ მოქალაქეს  ინფორმაციასთან თანასწორ წვდომას აძლევს. ამაში შედის ინფორმაცია ჯანმრთელობის და  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ეს საჯარო სივრცეა. ის უსაფრთხო სივრცეა, თავშესაფარი სამყაროსგან. ეს არის ადგილი, სადაც არიან ბიბლიოთეკარები. როგორები იქნებიან მომავლის ბიბლიოთეკარები არის ის, რაზეც უკვე უნდა ვფიქრობდეთ.

ბიბლიოთეკები მართლაც მომავლის კარიბჭეებია. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს გარშემო ვაკვირდებით პროცესს, თუ როგორ იყენებენ  ადგილობრივი ხელისუფალნი შესაძლებლობას, რომ დახურონ ბიბლიოთეკები, როგორც ფულის დაზოგვის მარტივი გზა. ისე რომ ვერ აანალიზებენ იმას, რომ იპარავენ მომავლისგან, რათა დღეს გადაიხადონ. ისინი ხურავენ კარიბჭეს, რომელიც ღია უნდა იყოს.

მე მჯერა, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიკითხოთ სიამოვნებისთვის, კერძო და საჯარო ადგილებში. თუ ჩვენ ვკითხულობთ სიამოვნებისთვის, თუ სხვებიც ხედავენ რომ ვკითხულობთ, მაშინ ჩვენ ვსწავლობთ, ვავარჯიშებთ ჩვენს წარმოსახვას. ჩვენ ვაჩვენებთ სხვებს, რომ კითხვა კარგია.

ჩვენ გაქვს ვალდებულება, რომ მხარი დავუჭიროთ ბიბლიოთეკებს. გამოვიყენოთ ბიბლიოთეკები და წავაქეზოთ სხვები, რომ გამოიყენონ ბიბლიოთეკები და გააპროტესტონ ბიბლიოთეკების დახურვა. თუ თქვენ არ აფასებთ ბიბლიოთეკებს, თქვენ ასევე არ აფასებთ ინფორმაციას, კულტურას და სიბრძნეს. თქვენ აჩუმებთ წარსულის ხმებს და ამით მომავალს ვნებთ.



ტექსტი წარმოადგენს ნილ გაიმანის The Reading Agency-სთვის ჩატარებული ლექციის ამონარიდის თარგმანს. 

 

კომენტარები