ტაილანდი

ტაილანდის მღვიმიდან დახსნილი ფეხბურთელები ბუდისტი ბერების შეგირდები გახდნენ

AFP

ტაილანდის ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის გადარჩენილი ფეხბურთელები ბუდისტი ბერების შეგირდები გახდნენ. ცერემონია დღეს გაიმართა. ბიჭუნებს თავები გადაპარსეს და სპეციალური სამოსი გადასცეს. გამონაკლისს მხოლოდ ერთი მოთამაშე წარმოადგენს, რომელიც ქრისტიანია.

მათ 25 წლის მწვრთნელიც შეუერთდათ, თუმცა შეგირდის ნაცვლად ბერის რანგში. მწვრთნელი მუსონების სეზონზე ბიჭების მღვიმეში შეყვნისათვის და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისათვის გააკრიტიკეს, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ მას ბიჭების გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მღვიმეში ყოფნისას მათ სიმშვიდის შესანარჩუნებლად მედიტაციას ასწავლიდა.

ჯგუფი ცხრა დღის განმავლობაში სხვადასხვა ბუდისტურ მონასტერში იცხოვრებს. ტაილანდში ეს ტრადიცია იმ მამაკაცებისათვის არსებობს, ვინც განსაცდელი გამოიარა.

შეგახსენებთ, რომ 12 ტაილანდელ ფეხბურთელს, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათ 25 წლის მწვრთნელს მღვიმეების კომპლექსში წყლის აწეული დონის გამო რამდენიმე კვირის მანძილზე მოუხდათ დარჩენა. ისინი მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ, ხოლო მათი გამოყვანა მყვინთავებმა მხოლოდ 10 ივლისს შეძლეს. ბიჭები საავადმყოფოდან გასულ კვირას გაწერეს.

კომენტარები