ისრაელი

ისრაელმა გოლანის მაღლობის ტერიტორიაზე სირიული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

Getty Images

გავრცელებული ცნობით, ისრაელმა გოლანის მაღლობის ტერიტორიაზე სირიული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ისრაელის არმიის თქმით მათ საბრძოლო თვითმრინავის მიმართულებით ორი რაკეტა მას შემდეგ გაისროლეს, რაც თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო ტერიტორიაზე შევიდა.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მდებარეობა და პილოტის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის შემდგარ შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ რუსეთის გეგმა არ მიიღო. რუსეთი ისრაელს სთავაზობდა შეეკავებინა ირანული ძალები გოლანის მაღლობიდან 100 კილომეტრის დაშორებით.

მედიაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ნეთანიაჰუს პასუხი ამ შემოთავაზებაზე:

"ჩვენ არ მივცემთ უფლებას ირანელებს გაიმყარონ პოზიციები ჩვენი საზღვრიდან 100 კილომეტრის მოშორებითაც კი."

წარსულში რუსეთმა ისრაელს მსგავსი შეთავაზებით უკვე მიმართა, თუმცა მაშინ საუბარი იყო ირანის ძალების ისრაელის საზღვრიდან 80 კილომეტრის მოშორებით შეკავებაზე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა სირიის საზღვარზე უახლესი ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა. ისრაელისა და სირიის საზღვართან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალები ამბოხებულებს ებრძვიან.

ოფიციალურმა მოსკოვმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბემიამინ ნეთანიაჰუსთან "სასწრაფო" მოლაპარაკებებისათვის საგანგებო ელჩები გაგზავნა.

ნეთანიაჰუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს შეხვდება. ნეთანიაჰუს თქმით შეხვედრა ვლადიმირ პუტინის თხოვნის საფუძველზე იმართება.

მას შემდეგ, რაც ასადის ძალებმა სირიის სამხრეთით, ისრაელის და იორდანიის საზღვართან მდებარე რეგიონებში ამბოხებულებზე თავდასხმა დაიწყეს, ისრაელმა სასაზღვრო დაცვა გააძლიერა.

კომენტარები