საქართველოს პარლამენტი

ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა ნაყოფიაა, მან პლენარული სხდომა 62-ჯერ გააცდინა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ყველაზე გამცდენი წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კობა ნაყოფიაა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2017 წლის ჩათვლით შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, ნაყოფიამ პლენარული სხდომა 62-ჯერ გააცდინა.

ნაყოფია ასევე პირველია საკომიტეტო მოსმენების გაცდენების რაოდენობითაც, მან სხდომა 73-ჯერ გააცდინა. პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, ის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრია. 

ნაყოფია წინა მოწვევის პარლამენტშიც გაცდენების ლიდერი იყო. 2012-2016 წლებში მან საკომიტეტო განხილვა 172-ჯერ გააცდინა. 

პლენარული სხდომების გაცდენების მიხედვით, მეორე ადგილზე ასევე ენმ-ის წევრი ნიკა მელიაა, მან სხდომა 58-ჯერ გააცდინა, მესამე ადგილზეც ენმ-ის წევრია. აზერ სულეიმანოვმა სხდომა 56-ჯერ გააცდინა.

მთლიანობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 2119 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ოჯახური მდგომარეობის მითითებით იყო 1430 შემთხვევა, რაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შემთხვევების 68% უდრის.

კომენტარები