ფინანსები

სებ-მა ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში 25%-მდე გაუზარდა

REUTERS

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე 20%-დან 25%-მდე გაუზარდა. ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ერვოს რესურსის მოზიდვა გაუძვირდებათ, არაა გამორცხული ამან უცხოური ვალუტის სესხები გააძვიროს. 

რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება. 

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

ეს არის ის ფული, რომელიც კომერციულმა ბანკებმა საბანკო ლიცენზიის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის ანგარიშებზე უნდა იქონიონ. თქვენ მიერ ბანკში შეტანილი ფულის გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში ინახება. კომერციულ ბანკს სებ-ის ანგარიშზე არსებული ფულის გასესხება არ შეუძლია, ამის საკომპენსაციოდ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახულ რესურსზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტოლფას თანხას არიცხავს, რაც დღეს 7%-ია, ხოლო უცხოური ვალუტით არსებულ თანხას კი 0.5%-ს. იმ შემთხვევაში თუ ბანკს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახული ფულის გასესხება შეეძლებოდა ის ამაზე მაღალ შემოსავალს მიიღებდა, ეკონომიკას კი უფრო დიდი მოცულობით დააკრედიტებდა.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავისმხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი იზრდება.

ბოლოს როდის შეცვალა სებ-მა სარეზერვო მოთხოვნები?

ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უკანასკნელად 2018 წლის 13 ივნისს შეცვალა. მაშინ ლარის დეპოზიტებზე მოთხოვნა 7%-დან 5%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯით ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავდა მიზნად.

სარეზერვო მოთხოვნები 2016 წლის 16 ივნისსაც შეიცვალა. მაშინ 15%-დან 20%-მდე გაიზარდა უცხოური ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა. ლარის რესურსზე კი მოთხოვნა 10%-დან 7%-მდე შემცირდა. მაშინაც ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი ლარით დაკრედიტების წახალისებისკენ იყო მიმართული. მის შედეგად დოლარის სესხებზე განაკვეთი უნდა გაზრდილიყო, ხოლო ლარზე კი გაიაფებილიყო, რაც პოტენციურად უფრო მეტი მომხმარებლისთვის ლარის სესხის მიმზიდველობის გაზრდას ისახავდა მიზნად. 

კომენტარები