დონალდ ტრამპი

ტრამპი: რუსეთი არჩევნებში დემოკრატების სასარგებლოდ ჩაერევა, მე რუსეთთან მკაცრი ვარ

დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
Getty Images

დონალდ ტრამპის აზრით რუსეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში დემოკრატების სასარგებლოდ ჩაერევა, რადგან ის რუსეთის მიმართ სიმკაცრეს იჩენს:

"ძალიან მადარდებს, რომ რუსეთი იბრძოლებს იმისათვის, რომ მომავალ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ჩემზე მკაცრი რუსეთთან ურთიერთობაში, ისინი მხარს დემოკრატებს დაუჭერენ. მათ ნამდვილად არ სურთ ტრამპი!" დაწერა მან Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრების და პრესკონფერენციის შემდეგ, პუტინმა თქვა, რომ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ტრამპს გულშემატკივრობდა. 

"მე მსურდა, ტრამპს გაემარჯვა, იმიტომ რომ ის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობდა." მისივე თქმით, რუსეთი არ ჩარეულა და არც გეგმავს, ჩაერიოს აშშ-ის საშინაო საქმეებში. 

ტრამპმა კი თქვა, რომ მათ ისაუბრეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ბრალდება უარყო. 

"პრეზიდენტმა პუტინმა დღეს განსაკუთრებით მყარად უარყო არჩევნებში მონაწილეობა," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა: "შეთქმულება არ ყოფილა. მე ჰილარი ადვილად დავამარცხე, თუმცა, ამან მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა."

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: "ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასდროს ყოფილა უარესი ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის სისულელის და სიბრიყვის წყალობით. მათ პასუხი მოეთხოვებათ."

 

კომენტარები