ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი: კალანდიას ქმედებასა და სარალიძის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არის

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის თქმით, მიხეილ კალანდიას ქმედებასა და დავით სარალიძის სიკვდილს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით კალანდიას ქმედება (სარალიძის დაჭერა და მისთვის მუშტების დარტყმა) არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"მიზეზობრივ კავშირი ამ ქმედებასა და შედეგს შორის როგორ ხედავთ? რა მიზეზობრივი კავშირია, რა გვარია ის მოწმე? მ.კ-ს ქმედებასა და დამდგარ კავშირს შორის? მ.კ-ს ქმედება გამოიხატა ხელით დარტყმაში, კი ბატონო, მაგრამ ამ ხელის დარტყმასა და დამდგარ კავშირს შორის მიზეზობრივი კავშირი ცალკე აღებული არ არსებობს" - ამბობს გაბიტაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს აკავებდა, მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, დაჭერა არ ყოფილა სარალიძის შემაფერხებელი გარემოება.

"დავით სარალიძის დაჭერა არ მომხდარა იმ გარემოებებში, რომ სარალიძე ცდილობდა გაქცევას და დაჭერა იყო მისი შემაფერხებელი. არ ყოფილა მისი ქმედების შემზღუდველი, რომ მას თავი დაეცვა თავდამსხმელებისგან.

იმ მტკიცებულებებით, რაც გამოძიების ეტაპზე იყო, შეიძლება სასამართლოში რამე დაემატა, გამოთხოვილი გვაქვს ოქმები, რომლის ექსპერტიზაც მიმდინარეობს, ესენი იკრიბება და ეშმაკი რომ დეტალებშია, ის დეტალები გვაინტერესებს, ვინ რა სიტყვა თქვა. მაგრამ გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით მ.კ-ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს" - თქვა გაბიტაშვილმა.

ამის შემდეგ, პროკურორებს უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დაუსვა კითხვა.

"დავუშვათ, სერგი კაპანაძესთან რომ მოგვიწიოს კონფლიქტი მე, ირაკლი აბესაძეს და ოთო კახიძეს. ირაკლიმ აბესაძემ დანა რომ დაარტყას ჩემს თვალწინ სერგის, სერგი აგრძელებს წინააღმდეგობას, მე რომ დავინახო ეს, მივვარდე, ჩავერთო ჩხუბში და ვურტყა მუშტები, მერე რომ დაარტყას ოთო კახიძემ ჩემ თვალწინ მრავალგზის დანა, მე მაინც რომ გავაგრძელო მასთან ჭიდაობა და ხელის დარტყმა, მე ბრალს არ წარმიდგენთ, როგორც თანამონაწილეს?" - მიმართა პროკურორებს ბოკერიამ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ "ამ მშრალი ინფორმაციის" საფუძველზე, ბრალს არ წარუდგენდნენ.

"ამ მოწვეული პროკურორებისგან პირდაპირი წახალისებაა იმის, რომ ბევრი დანაშაული მოხდეს ამ ქვეყანაში და ყველას ეგონოს, რომ შანსი აქვს გამოძრომის" - თქვა ბოკერიამ, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ "არასწორი კაზუისტიკის გამოყენებით" პოლიტიკურ შეფასებებში გადასვლად შეაფასა.

-------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

ამის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები