სავალუტო ჯიხური

დარღვევების გამო, 36 სავალუტო პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 - დაჯარიმდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 36 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს - ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ობიექტებს სანქციები დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში დაეკისრათ.

"დარღვევები ძირითადად დაფიქსირდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების გამო, მათ შორის, ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობის, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენების თაობაზე" - აცხადებს ეროვნული ბანკი და აღნიშნავს, რომ ისინი სავალუტო პუნქტებს მომავალშიც, პერიოდულად შეამოწმებენ.

"მივიღებთ შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებს ახალი რეგულაცია რამდენიმე თვის წინ დაუდგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა. გარდა ამისა, გამკაცრდა სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში სულ 1132 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს ვალუტის გაცვლის ლიცენზია.

კომენტარები