რეგულაციები

ევროკავშირის მოთხოვნებში შეფუთული რეგულაცია, რომელიც ევროდირექტივას არ შეესაბამება

Getty Images

საქართველოში 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს წარმოებას, ვაჭრობას, მოხმარებასა და რეკლამირებას ახალი რეგულაციები დაუწესა და მისი დარღვევისთვის სპეციალური სანქციებიც გაწერა.

თამბაქოს კონტროლის კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგულაციაა. თამბაქოს კონტროლის კანონი შეეხება საქართველოს ერთ მილიონამდე მწეველ მოქალაქეს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა დაწესებულებას. მისი რეგულირების ქვეშაა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი ობიექტი, ასევე სავაჭრო დაწესებულებები, სადაც თამბაქოს ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი. მაგალითად, ცვლილება პირდაპირ ითვალისწინებს გზისპირა თამბაქოს ჯიხურების აკრძალვას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც თამბაქოს კონტროლის კანონის შემადგენელი ნაწილია არის ამ პროდუქტის რეკლამირების სრულად აკრძალვა. აკრძალვა შეეხება როგორც გარე რეკლამებს, ბილბორდებს, ასევე ტელევიზიას და ბეჭდურ მედიას.

თამბაქოს კონტროლის კანონს ხშირად გუგული მაღრაძის კანონად მოიხსენიებენ. თუ კანონის ინიციატორის ვინაობას ჩავხედავთ, ვნახავთ რომ ის მართლაც მაღრაძეა, თუმცა კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რეგულაციების ავტორი არა ოცნების დეპუტატი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსია.

თამბაქოს კონტროლის კანონის განმარტებით ბარათში ნახსენებია, რომ ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებთან არის შესაბამისობაში, თუმცა არ არის მითითებული უშუალოდ რომელი ევროდირექტივებია ამ კანონის მიღების მიზეზი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 356-ე მუხლში, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ეროვნულ სამოქმედო სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველო მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების პრევენციის, ასევე თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპული ნორმების ჰარმონიზებას მოახდენდა და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადებულ კანონმდებლობას დანერგავდა.

თუმცა, თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ მომზადებული და გუგული მაღრაძის ინიციატივით პარლამენტში შესული საკანონმდებლო პაკეტი ზოგიერთი მიმართულებით ევროკავშირის დირექტივებთან აცდენაშია.

ევროკავშირში 2014 წლის 19 მაისს ძალაში შევიდა ევროდირექტივა, თამბაქოს პროდუქციის შესახებ. ის ევროკავშირის ქვეყნებში 2016 წლის 20 მაისს ამოქმედდა. ამ კანონმდებლობით, კავშირის წევრ ქვეყნებში დადგენილია თამბაქოს და მისი მსგავსი პროდუქციის წარმოების, გაყიდვის და რეკლამირების წესები. განმარტებულია სიგარეტების, თუთუნის, საჩიბუხე თამბაქოს, სიგარების, სიგარილების, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტის და მოსაწევი მცენარეული პროდუქტების ზუსტი მნიშვნელობა და თითოეული მათგანისთვის განსაზრვრულია შესაბამისი რეგულაციები. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრი, მნიშვნელოვანია რომ ქართული ნორმები სრულ შესაბამისობაში იყოს იმ საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკასთან, რაც ევროკავშირში მოქმედებს.

თამბაქოს შესახებ ევროდირექტივასთან მიმართებით, ქართული კანონმდებლობა საკმაოდ განსხვავებულ ნორმებს აწესებს. ევროდირექტივის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, განსხვავებულად რეგულირდებიან ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტები. მაგალითად, ელექტროსიგარეტსა და ჩვეულებრივ სიგარეტს სრულიად განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. ჩვეულებრივი სიგარეტი თამბაქოს შეიცავს და მისი წვით გამოიყოფა ნიკოტინი კუპრი და სხვა ნივთიერებები. ელექტროსიგარეტში კი თამბაქო საერთოდ არ გვხდება, მის ნაცვლად ელექტროსიგარეტი იყენებს სპეციალურ სითხეს, რომლის წვის შედეგად, ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებული ნივთიერებები გამოიყოფა.

ევროდირექტივა ცალკე გამოყოფს ელექტროსიგარეტებს და მათთვის შესაბამის მოთხოვნებს აწესებს. ევროპული კანონმდებლობით განსაზღვრულია ის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, რასაც ელექტროსიგარეტი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა ის ბაზარზე იყოს დასაშვები.

ქართულ კანონმდებლობაში საერთოდ არ არის განმარტებული თუ რას წარმოადგენს ელექტროსიგარეტი, მეტიც ის რეგულირდება როგორც თამბაქოს პროდუქტი, ეს კი მაშინ, როდესაც ელექტროსიგარეტი თამბაქოს საერთოდ არ შეიცავს. ხარისხის კონტროლს ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს, მაგრამ ეს კონტროლი ხდება იმავე ტექნიკური რეგლამენტით, რაც განსაზღვრულია თამბაქოს ნაწარმისთვის, როდესაც ევროკავშირი ამ პროდუქტს მისთვის დადგენილი სპეციალური ნორმებით არეგულირებს.

თამბაქოს კონტროლის კანონის მიხედვით ელექტროსიგარეტები თამბაქოს ნაწარმად განიხილებიან და მათსავით რეგულირდებიან. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ელექტროსიგარეტებს უწევთ დააკმაყოფილონ ის ტექნიკური რეგლამენტი, რაც თამბაქოს ნაწარმისთვის არის განსაზღვრული. შედეგად, ელექტროსიგარეტის მრავალი ასპექტი რეგულირების გარეშე რჩება, რაც ბაზარზე უხარისხო პროდუქციის შემოსვლის რისკს ზრდის.

მაგალითად, ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება საერთო ბაზარზე მოხვდეს ელექტროსიგარეტი, რომელიც შეიცავს 20 მილიგრამზე მეტ ნიკოტინს. ევროდირექტივის განმარტების მიხედვით, 20 მილიგრამი არის ნიკოტინის ის მოცულობა, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევით გამოყოფილი ნიკოტინის დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს წარმოადგენს. ამასთანავე ნათქვამია, რომ მხოლოდ მაღალი სიწმინდის უნდა იყოს ნივთიერებები, რომლებითაც ელექტროსიგარეტის სითხე უნდა დამზადდეს. ქართულ კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.

ევროკავშირი განსაზღვრავს იმასაც, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად გამოყფილი ნიკოტინის დონე უნდა იყოს თანაბარი. ეს ნიშნავს რომ მისი მოხმარების მთელი პროცესის განმავლობაში გაფრქვეული ნიკოტინი უნდა იყოს დასაშვები ნორმის ფარგლებში, რათა შემთხვევით, დიდი დოზის მიღება არ მოხდეს. ქართული კანონმდებლობა არც ამ ჩანაწერს არ მოიცავს.

ევროდირექტივასთან აცდენას იწვევს სავარაუდოდ ის დაშვება, რომ ელექტროსიგარეტიც უნდა რეგულირდებოდეს იმავე ტექნიკური რეგლამენტით, რითიც თამბაქოს ნაწარმი. 

კომენტარები