ინტერვიუ სტივენ პინკერთან

ლიბერალურ დემოკრატიაში ყველა მოგებული რჩება - ტაბულას ინტერვიუ სტივენ პინკერთან

ზაზა დობორჯგინიძე
0 კომენტარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სტივენ პინკერის წიგნი "განმანათლებლობა ახლა" ლიბერალური ჰუმანიზმის, მეცნიერების და რაციონალურობის მანიფესტს წარმოადგენს. მისი ძირითადი მიზანი განმანათლებლობის ეპოქის იდეების გაცოცხლება და მისი თანამედროვე მეცნიერების ენაზე თარგმნაა.

"ახალ ამბებში არ ჩანს, მაგრამ კაცობრიობის მდგომარეობა უმჯობესდება",- ამტკიცებს პინკერი და ამ მიგნებას განიხილავს, როგორც განმანათლებლობის მოაზროვნეების, ასევე, კლასიკური ლიბერალიზმის თეორეტიკოსების და თანამედროვე მეცნიერების კონტექსტში.

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს თერმოდინამიკის მეორე კანონს და ევოლუციის თეორიას ისეთ მოაზროვნეებთან, როგორებიცაა ფრიდრიხ ჰაიეკი ან ბარუხ სპინოზა? წიგნში მოყვანილი არგუმენტების თანმიმდევრულობა და ავტორის წერის სტილი სხვა გზას არ დაგიტოვებთ, გარდა იმისა, რომ მკაფიოდ დაინახოთ ეს კავშირები.

რამდენიმე დღის წინ მას E-mail-ით დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ, მარტივად დაგვთანხმდა.

"ჭეშმარიტების, ობიექტურობის და რაციონალურობის ნებისმიერი უარყოფა თავის თავსაც უარყოფს, რადგან თუ რასაც ის ამტკიცებს მართალია, ესეც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური მოსაზრებაა. " - მიპასუხა მან ერთ-ერთ კითხვაზე. მისი თქმით, გონება, მეცნიერება, ჰუმანიზმი და პროგრესი განმანათლებლობის მთავარი და უალტერნატივო ღირებულებებია და შეუთავსებელია როგორც პოსტმოდერნულ მემარცხენეობასთან, ასევე "პოსტსიმართლის" მემარჯვენეობასთან.

ევოლუციური ფსიქოლოგიის, განმანათლებლობის იდეებისა და თქვენ მიერ „განმანათლებლობა ახლა“-ში აღწერილი პროგრესის გათვალისწინებით, აქვს კი აზრი კლასიკური ლიბერალიზმის გარდა სხვა  პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდაჭერას და ლიბერალური დემოკრატიის გარდა სხვა პოლიტიკური სისტემის დაცვას?

ლიბერალურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს ისეთ თანამშრომლობას, რომელშიც ყველა მოგებული რჩება და ხელს უშლის ქმედებებს, რომლებიც აწყობს  რომელიმე ერთ მონაწილეს (მათ შორის ძალაუფლების მქონეს), მაგრამ ვნებს დანარჩენებს.

გასაკვირი არაა, რომ ლიბერალური დემოკრატიები უფრო ბედნიერები, ჯანმრთელები, უსაფრთხოები, მეტად განათლებულები,  წარმატებულები და მშვიდობიანები არიან, ვიდრე ნებისმიერი სისტემა, რომელიც აქამდე გამოუცდიათ. ის არის უმაღლესი მიზანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ არჩევანს საკუთარი ხელით ქმნიან.

რა უქმნის საფრთხეს (როგორც გარედან, ასევე შინაგან) იმ  პროცესის მიღწევებს, რომელსაც თქვენ აღწერთ, როგორც დემოკრატიზაციის მესამე ტალღას?

ერთი საფრთხეა იდეა, რომლის თანახმად ხელისუფლება  არსებობს ეთნიკური ჯგუფისთვის და, რომ ხელისუფლებას უნდა მართავდეს ქარიზმატული ლიდერი, რომელიც განსახიერებს მის ნამდვილ ღირსებას. ამის საპირისპიროა სახელმწიფო, როგორც სოციალური კონტრაქტი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იზიარებენ საერთო ტერიტორიას და ახორციელებენ შეთანხმებებს, რომლებიც ყოველი მათგანისთვის სასარგებლოა.

კიდევ ერთი საფრთხე მდგომარეობს შემდეგის რწმენაში: თანამედროვეობის ყველა ინსტიტუცია კრახს განიცდის და იმის იმედად, რომ ნებისმიერი შემცვლელი უკეთესი იქნება, ვიდრე არსებული მდგომარეობა, თითქოს სხვა გზა არ გვრჩება გარდა იმისა, რომ გავნადგუროთ ისინი ან ვაცალოთ ჩამოშლა.

ინსტიტუციების თვალსაზრისით, ერთი საფრთხეა საარჩევნო სისტემა, რომელიც არაპროპორციულ წონას ანიჭებს აგრარულ რეგიონებს. მათ შეუძლიათ გადაჭარბებული გავლენა მოახდინონ ავტორიტარულ პოპულიზმზე, რომელსაც მხარს არ უჭერს ქალაქში მცხოვრებთა დიდი ნაწილი. კიდევ ერთი საფრთხეა სისტემა, რომელიც  ლიდერს აძლევს შეუზღუდავ ძალაუფლებას, მოსამართლეების დანიშვნის და არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის ჩათვლით.

ცოტა ხნის წინ, ნეიროენდოკრინოლოგმა, რობერტ საპოლსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ რელიგიური რწმენა წარმოადგენს სტრესის შემცირების ბიოლოგიური მექანიზმს. ამაზე რას ფიქრობთ?

არ ვარ დარწმუნებული, რომ ვეთანხმები. არაერთ რელიგიური რწმენას, როგორებიცაა წყევლის, შელოცვების, ჯოჯოხეთის და ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვის შიში, სტრესის გაღრმავება შეუძლია. მაშინაც კი, როდესაც რელიგიური რწმენა ამცირებს სტრესს, ეს არ ნიშნავს, რომ ამაშია მისი ბიოლოგიური ფუნქციაა, ან თუნდაც იმას, რომ მას საერთოდ აქვს ბიოლოგიური ფუნქცია. ყველაფერი, რასაც ორგანიზმი აკეთებს, არ არის დარვინისეული ადაპტაცია - ზოგიერთი ქცევა შესაძლოა იყოს სხვა ადაპტაციების თანმდევი მოვლენა, როგორებიცაა ჩვენი დამოკიდებულება ექსპერტებზე და ჩვენი შეხედულება, რომ გონება სხეულისგან განსხვავებულია.

თქვენ ემხრობით გამოთვლით თეორიას გონების შესახებ (computational theory of mind), შეგიძლიათ, ამაზე მეტი გვითხრათ?

ეს არის ძველისძველი პრობლემის გადაწყვეტა, თუ  როგორაა შესაძლებელი მატერიის ნაფლეთი იყოს გონიერი - კერძოდ, იყოს აგებული იმგვარად, რომ დაამუშავოს ინფორმაცია, სხვა ფაქტებზე დაყრდნობით ასევე ფაქტობრივი დასკვნები გამოიტანოს და მისდიოს მიზნებს უკუკავშირის დახმარებით. აღსანიშნავია, რომ გამოთვლითი თეორია გონების შესახებ არ არის იგივე, რაც იმის მტკიცება, რომ გონება ციფრული კომპიუტერის მსგავსად მუშაობს.

 

ესაუბრა ზაზა დობორჯგინიძე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები