საფონდო ბირჟა

Facebook-მა ერთ დღეში კოლოსალური თანხა - $150 მილიარდი დაკარგა

Business Insider

სოციალური ქსელების გიგანტმა Facebook-მა რამდენიმე საათის წინ საბაზრო ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა. კომპანიის აქციების მკვეთრი ვარდნის შედეგად, საერთო დანაკარგმა დაახლოებით $150 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქციების გაუფასურება Facebook-ის კვარტალური ანგარიშგების გასაჯაროებამ გამოიწვია. კომპანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა აქციონერმა მარკ ზაკერბერგმა შედეგად $16 მილიარდი დაკარგა. 

2018 წლის მეორე კვარტალში facebook-ის წმინდა მოგებამ $5.1 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად, კომპანიის აქციები მაინც გაუფასურდა, ამის მიზეზი იყო ის რომ ბაზარი უფრო მაღალ ზრდას მოელოდა. კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერის, დევიდ ვენერის სიტყვით მიმართვას აქციების სწრაფი გაუფასურება მოჰყვა. ერთი აქციის ღირებულება $217-დან, $173-მდე შემცირდა. 

კომპანიის ფინანსური შედეგებისადმი მთავარი იმედგაცრუება საოპერაციო ხარჯების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. 2018 წლის მეორე კვარტალში Facebook-ის მთლიანი შემოსავალი $13.2 მილიარდი იყო, რაც 2017 წელს არსებულ $9.3 მილიარდზე 42%-ით მეტია. ხოლო კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა $7.3 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წელს არსებულ $4.9 მილიარდს 50%-ით აღემატება. ანუ, facebook-ის ხარჯები მის შემოსავლებზე სწრაფად გაიზარდა, რაც ინვესტორებისთვის მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიამ იმ მასშტაბებს მიაღწია რომ მისი უწყვეტი მოქმედებისთვის გამუდმებით მეტის დახარჯვა გახდება საჭირო.

წარსულში facebook-ის ზრდას ახალი მომხმარებლების მატების გრანდიოზული ტემპი განაპირობებდა. მხოლოდ 2012 წელს სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა, ახლა ეს ტემპი 11%-ზე არის დასული. ამის მიზეზი ბაზრის გაჯერებაა, სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება, ვისაც Facebook არ აქვს. დღეისთვის კომპანიას 2.3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ვარდნა აქციების მეორად ბაზარზე NASDAQ-ის ბირჟის დახურვის შემდეგ მოხდა. 

კომენტარები