რთველი 2018

მთავრობა რთველის სუბსიდირებიდან სრულად გამოდის

ozkv.net

რთველი 2018-ში სახელმწიფო ყურძნის ფასს სუბსიდირებას აღარ გაუწევს, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყურძნის ბაზარს სახელმწიფოს დაფინანსება აღარ ესაჭიროება. 

"წელს სახელმწიფო მთლიანად გამოდის სექტორის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების სექტორიდან,"- ამბობს მინისტრი. 

2017 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალმა 150 ათასი ტონა შეადგინა, სახელმწიფომ სუბსიდია გასცა მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილზე - რაჭაში ალექსანდროეულისა და მუჯურეთულის ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე მევენახეებმა 2 ლარის კომპენსაცია მიიღეს. კახეთის რეგიონში კი სუბსიდია მოქმედებმა მხოლოდ ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის წარმოებისთვის. კონცენტრატის დასამზადებლად ჩაბარებულ ყოველ კილოგრამზე სახელმწიფომ 35 თეთრის სუბსიდა გასცა.

სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წელს ყველა მევეხაემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2015-ს კახელი მევენახეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ყურძნის ფასის ზრდას ითხოვდნენ. 2015 წელს, თეთრ ყურძენს ქარხნები 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებდნენ. 2014 წელს კი, მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. ფასის ვარდნა რუსეთის ბაზარზე არსებულმა კრიზისმა გამოიწვია.

სახელმწიფო ყურძნის სხვადასხვა სახით სუბსიდირებას წინა მთავრობის დროსაც ახდენდა. მთლიანობაში ბიუჯეტიდან 10-ზე მეტი რთველი დაფინანსდა. 

კომენტარები