ხე-ტყის უკანონო მოპოვება

სვანეთში სპეცრაზმია მობილიზებული, საგამოძიებო ხე-ტყის მოპოვების კანონიერებას ამოწმებს

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათი თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის მოპოვების კანონიერებას ამოწმებენ. მიზანი გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილებაა. 

"ღონისძიებების ფარგლებში ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერება მოწმდება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედ ხის სახერხ საამქროების გამოვლენას ვახორციელებთ. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს  სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც  ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში. ამის გამო, ამ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ამოწმებენ იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), 287-ე პრიმა (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) და 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) მუხლებით.

ცნობისთვის, ჭუბერში მთის ჩამოშლის შემდეგ, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ "პირველადი შეფასებით სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ".

კომენტარები