პატიმრების გაშიშვლება

პატიმრების გაშიშვლების უფლებამოსილება საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად სცნო

საიას სარჩელის საფუძველზე პატიმრების გაშიშვლების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

"2018 წლის 26 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოცხადა გადაწყვეტილება ნანა ფარჩუკაშვილის საქმეზე. მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას უკანონო საგნის აღმოსაჩენად.

საქმეში საია ამტკიცებდა იმას, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. გასაჩივრებული ბრძანება არ ითვალისწინებდა სკანერის გამოყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას." - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საიას ცნობითვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად სცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 30 აპრილის ბრძანებით, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო.     

რამდენიმე კვირის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ქალთა და არასრულწლოვან პატიმართა მდგომარეობას ეხება, საპატიმროებში შემოწმების მიზნით ქალების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების მიმართ სრული პირადი შემოწმების გამოყენება, გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუ​ქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულსაქვს მენსტრუალური ციკლი.

კომენტარები