ხე-ტყის უკანონო მოპოვება

საგამოძიებო: სვანეთში მოსახლეობამ ჩვენი ავტომობილი ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჭუბერსა და ხაიშში, ადგილობრივმა  მოსახლეობამ გზა გადაკეტა და მათი ავტომობილი ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა "საფრთხე შეუქმნეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", რის გამოც, სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დღეიდან დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერებას, ასევე, მუშაობენ რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენის მიმართულებით.

"ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. ამის გამო, ხსენებულ სოფლებში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია - მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების  ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა  მოსახლეობამ გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე - ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში.

"ასევე დამატებით გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის  მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია" - აცხადებს საგამოძიები სამსახური და აღნიშნავს, რომ გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს და შეასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს.

"გამოვავლენთ და აღვკვეთთ ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), 287-ე პრიმა (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) და 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) მუხლებით.

ცნობისთვის, ჭუბერში მთის ჩამოშლის შემდეგ, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ "პირველადი შეფასებით სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ".

კომენტარები