ხე-ტყის უკანონო ჭრა

საგამოძიებო სამსახური: ხის გადამამუშავებელი ყველა კომპანია შემოწმდება

შსს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შემოწმდება ხის გადამამუშავებელი როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიები.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია. დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე - ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ სვანეთის ორ სოფელში ხაიშსა და ჭუბერში სპეცრაზმი იყო შესული, რადგან საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადგილობრივები მათ თანამშრომლებს ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემოწმების საშუალებას არ აძლევდნენ და ქვებს უშენდნენ. 

კომენტარები