აშშ-თურქეთი

ტრამპი: თურქეთს ამერიკელი პასტორის დაკავების გამო ფართო სანქციებს დავუწესებთ

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთს "ფართო სანქციების" დაწესებით დაემუქრა, თუ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებენ.

"აშშ თურქეთს პასტორ ენდრიუ ბრანსონის ხანგრძლივი დაკავების გამო ფართო სანქციებს დაუწესებს. დიდებული ქრისტიანი, ოჯახის კაცი და შესანიშნავი პიროვნება დიდად იტანჯება. უდანაშაულო მორწმუნე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ!" დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

ტრამპის მუქარამდე მსგავსი განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმაც გააკეთა:

"მივმართავ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის მთავრობას. გზავნილი მაქვს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით: გაათავისუფლეთ პასტორი ენდრიუ ბრანსონი ახლავე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოემზადეთ საპასუხო შედეგებისათვის." თქვა მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული რელიგიური თავისუფლების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპს და პენსს არ დაუკონკრეტებიათ რა ტიპის სანქციებზეა საუბარი.

ტრამპის მუქარას თურქეთში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერის თქმით ოფიციალური ვაშინგტონის მუქარა მიუღებელია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვნებს.

"აშშ-მა უნდა გადახედოს ამ მიდგომას და კონსტრუქციული პოზიციადაიკავოს, სანამ საკუთარ ინტერესებს და თურქეთთან ალიანსს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს." ნათქვამია იბრაჰიმ კალინის წერილობით განცხადებაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ესაუბრა, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები