საბერძნეთი

ციპრასი ხანძარზე: სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ მომხდარ ტრაგედიაზე

left.gr

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძარის გაჩენიდან 5 დღის შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და მომხდარ კატასტროფაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

ხანძარს 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ზოგიერთი მოსაზრებით მსგავსი დანაკარგი არასათანადო რეაგირებამ გამოიწვია.

ციპრასის თქმით ტრაგედიამ დააფიქრა იმაზე, შეეძლო თუ არა მის მთავრობას მეტის გაკეთება ამ ადამიანების გადასარჩენად.

"ეს რთული მომენტია, ალბათ ყველაზე მძიმე თანამდებობაზე ყოფნის მანძილზე. დაღუპულები ვერ ისაუბრებენ, მაგრამ მათი ხსოვნისათვის პატივი უნდა ვცეთ სიმართლეს." "კაბინეტის და ბერძენი ხალხის წინაშე მსურს ავიღო სრული პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე." თქვა ციპრასმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა თავი არ აარიდონ პასუხისმგებლობას.

მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადად 10,000 ევროს ოდენობის ფულად დახმარებას და საჯარო სექტორში დასაქმებას ჰპირდება.

მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად და ასევე იმის გამოსაკვლევად, დაირღვა თუ არა კანონი ხანძარზე რეაგირებისას.

კომენტარები