ნარკოდანაშაული

ნარკოტიკების გასაღების მცდელობისათვის ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთ პირს, რომელთაც ბრალი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის აქვთ წარდგენილი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, „VIPOLE“-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ქ.თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები სოციალური ქსელის „ VIPOLE “–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ ზემოაღნიშნული მომხმარებლისთვის, რომელიც თავის მხრივ ამ ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს.

აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად ბრალდებულმა რ.ე.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავში განათავსა 2 ცალად დაფასოებული 1.0277 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.

ბრალდებულმა ზ.ლ.-მ სხვადასხვა დროს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამჯერ უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 3.21 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.

ბრალდებულმა ა.ლ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.6922 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.

ბრალდებულმა ქ.შ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.74 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.

ბრალდებულმა ა.გ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და შემდგომი გასაღებისათვის, ქ.თბილისში მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავებში განთავსების მიზნით უკანონოდ შეინახა 90 ცალ პაკეტში მოთავსებული 0.498715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.

ბრალდებულებმა, მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ სამალავებს, სადაც გასაღების მიზნით განათავსეს ნარკოტიკული საშუალებები, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის „VIPOLE“-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი."  ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობას, ხოლო ერთ პირს ბრალი წარდგენილი აქვს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს.

კომენტარები