ევროპული საქართველოს დეპუტატის ცემა

კახიძე: ადიგენში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, ადიგენში ევროპული საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატის ზურაბ შაინიძის ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. 

"ევროპული საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატს ადიგენში ბატონ ზურაბ შაინიძეს თავს დაესხნენ და ხელ-კეტებით სცემეს ქართული ოცნების აქტივისტებმა და მათმა აქტიურმა მხარდამჭერებმა, რაც წარმოადგენს ქართული ოცნების მიერ ამ წლების განმავლობაში დათესილი პოლიტიკური სიძულვილის პირდაპირ შედეგს, ამავე დროს ამგვარი ძალადობა არის პირდაპირი გაგრძელება აქამდე დაუსჯელი ძალადობების, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბორჯომში, კორცხელში და დღემდე არ დასჯილა არცერთი პირი, ვინც მონაწილეობდა ამგვარ ფიზიკურ დაპირისპირებაში და თავს ესხმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს"- თქვა კახიძემ.

როგორც კახიძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტს უამრავი მოწმე ჰყავს და ევროპული საქართველო ხელისუფლებას "შესაბამისი რეაგირებისკენ" მოუწოდებს. 

"ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას და ჩვენ, ევროპული საქართველო კატეგორიოულად მოვითხოვთ მათგან კანონის შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე. მათ მიწოდებული აქვთ ყველა ინფორმაცია, იდენტიფიცირებულები არიან თავდამსხმელები. აღნიშნული ფაქტი არის ცნობილი ადგილზე და ამ ფაქტს ჰყავს უამრავი მოწმე. ბატონ ზურაბ შაინიძეს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ეს დაზიანებები არის დოკუმენტირებული და ჩვენ ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და კატეგორიულად მოვითხოვთ კანონის შესაბამისი, უმკაცრესი ზომების გატარებას ყველა დამნაშავე პირის მიმართ"- თქვა ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ.

28 ივლისს, ადიგენის საკრებულოში ევროპული საქართველოს დეპუტატს ზურაბ შაინიძეს და მის ნათესავებს სცემეს. დაპირისპირება სტადიონზე ბავშვების ფეხბურთის თამაშის დროს დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა. შაინიძის თქმით, ოცნების მხარდამჭერები და აქტივისტები მას და მის ოჯახსა და ახლობლებს მუდმივად დევნიან და ავიწორვებენ პოლიტიკური ნიშნით.

უფრო ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები