სალომე ზურაბიშვილი

არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა

პარლამენტი

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

ზურაბიშვილის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ და არჩევნებთან დაკავშირებით ის კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

"ამის შესახებ არაფერი ვიცი. ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით თუ რამე იქნება სათქმელი, თავად გააკეთებს განცხადებას. შესაბამისად, კომენტარსაც არ გააკეთებს", - ამბობენ პრესსამსახურში.

თუმცა, საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მიმართვას ადასტურებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ეკა ბესელია.

"მე როგორც ვიცი, კი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, კი. ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში, როდესაც ის დარეგისტრირდება კანდიდატად, ამ დროისთვის მას უნდა ჰქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს", - ამბობს ეკა ბესელია.

"ქართული ოცნების" დეპუტატი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის შანსებზეც საუბრობს.

"მგონია, რომ მას აქვს ყველაზე მაღალი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების. ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. განსაკუთრებით იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა", - ამბობს ბესელია.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა, მას მისი დათმობა მოუწევს, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატის განცხადებას თან უნდა ერთოდეს ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა ერთოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა ზუსტი თარიღი პრეზიდენტს ამ დრომდე არ დაუსახელებია. უცნობია ისიც, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას თავად გიორგი მარგველაშვილი.

კანდიდატი არ დაუსახელებია არც მმართველ პარტიას. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატი საერთოდ არ დაასახელონ და უკვე არსებულს დაუჭირონ მხარი. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება, რომელსაც ოფიციალურად ასევე არ უთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 

კომენტარები