Facebook

Facebook-მა აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო 32 გვერდი და ანგარიში წაშალა

AFP

Facebook-მა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" დააფიქსირა, რომელიც კრემლთან კავშირების მქონე რუსულ "ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" უკავშირდება.

კომპანიამ Facebook-სა და Instagram-ზე 32 გვერდი და ანგარიში წაშალა, რომლებიც ღონისძიებების დაგეგმვაშიც იყვნენ ჩართული. ჯამში გვერდებს 209,000-მდე მიმდევარი ჰყავდა.

კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელის თქმით 2016 წლისაგან განსხვავებით ამჯერად იდენტობების დასაფარად მეტი სამუშაო გასწიეს.

"ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კრემლი აგრძელებს Facebook-ის მსგავსი პლატფორმების დაყოფისა და დეზინფორმაციის გავრცელებისათვის გამოყენებას. მოხარული ვარ, რომ Facebook-ი მსგავსი აქტივობების აღსაკვეთად შესაბამის ნაბიჯებს დგამს." თქვა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა.

Facebook-ის თქმით მსგავის აქტივობების გამოძიებას კვლავ გააგრძელებს და აღმოჩენილ ინფორმაციას კონგრესს და სამართალდამცავ ორგანოებს გაუზიარებს.

"უსაფრთხოება ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს გადაჭრი. ჩვენ რთულ და კარგად დაფინანსებულ მოწინააღმდეგეებთან გვაქვს საქმე, მათ შორის სახელმწიფოებთან, რომლებიც მუდამ ვითარდებიან და თავდასხმას ახალი მეთოდებით ცდილობენ." დაწერა მარკ ზაკერბერგმა საკუთარ Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ოქტომბერში facebook-მა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სააგენტოების გავრცელებულმა ინფორმაციამ 126 მილიონ ამერიკელამდე მიაღწია.

კომენტარები