თამბაქო

რა პროგრესს მიაღწია საქართველომ თამბაქოს მოხმარების შემცირებაში ბოლო 20 წლის განმავლობაში

საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 2000 წლიდან დღემდე შემცირებულია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 28.2%-ს შეადგენს. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 30.2% იყო. ანუ გასული წლების განმავლობაში მთლიანი მოსახლეობის 2%-მა, ხოლო თამბაქოს მომხმარებელთა პოპულაციის 7%-მა მოწევას თავი დაანება.

ერთი შეხედვით ეს შეიძლება მცირე კლებად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ იმ ქვეყნების შედეგებს შევადარებთ, სადაც აქციზური მარკა საქართველოსთან შედარებით რამდენჯერმე ძვირია, ასევე სამედიცინო გაფრთხილების ზომაც ქართულს აღემატება და საჯარო სივრცესა და დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა საქართველოსთან შედარებით გაცილებით ადრე აიკრძალა - ვნახავთ რომ შემცირება საქართველოზე დიდი ხშირ შემთხვევაში არც იქ ყოფილა.

მაგალითად, WHO-ს მონაცემებით, საფრანგეთში მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 28.6%-ია, ეს საქართველოზე 0.4%-ით მეტია. 2000 წელთან შედარებით საფრანგეთში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოს მსგავსად 2%-ით შემცირდა. ამაზე მცირე იყო ჩეხეთის მიერ მიღწეული პროგრესი 2000 წელს არსებული 33%-დან მოხმარება მხოლოდ 31.8%-მდე შემცირდა. შედარებით უკეთესი იყო გერმანიის შედეგი, სადაც მოხმარება 5.8%-ით შემცირდა.

41 ევროპულ სახელმწიფოში თამბაქოს მომხმარებელთა საშუალო რაოდენობა 27.8%-ია. საქართველოშიც მწეველთა რაოდენობა პრაქტიკულად ამდენია. სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ყველაზე მეტს მონტენეგროში ეწევიან, მოსახლეობის 46% თამბაქოს მომხმარებელია. ასევე მაღალია მწეველთა რიცხვი საბერძნეთში (41%), რუსეთში (37%) და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

რთულია საუბარი უშუალოდ რა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას. არის ეს მთავრობათა მიზანმიმართული კამპანიის შედეგი თუ დამოუკიდებელი ინდივიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით კი მაშინ, რომ ყოველი მწეველისთვის არის ცნობილი ის ჯანმრთელობის რისკები, რაც ამ ქმედებას ახლავს.

სახელმწიფოს ძალისხმევა თავისი არსით მნიშვნელოვანია მიმართული იყოს არასრულწლოვნებში თამბაქოს მოხმარების პრევენციისკენ, რადგანაც სრულწლოვნებისგან განსხვავებით, მათთვის ამ პროდუქტის მავნებლობა უფრო რთულად აღსაქმელია.

არსებული მდგომარეობით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილური ტემპით მცირდება, შემცირების პროგნოზი აქვს გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციასაც. ასევეა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თუმცა, შემცირების ტრენდი ყველა ქვეყანაში საერთო არაა. მაგალითად, აფრიკისა და არაბეთის რეგიონის ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია. 2000 წელს კატარში მოსახლეობის 17% ეწეოდა, ახლა 21.8%-ია მწეველი, WHO-ს შეფასებით, 2025 წლისთვის ამ ქვეყნის 23% იქნება მწეველი. ასეთივე მზარდია მოხმარება მაროკოში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებში, კონგოში, ლესოთოსა და სხვა ქვეყნებში.

საქართველოში 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს წარმოებას, ვაჭრობას, მოხმარებასა და რეკლამირებას ახალი რეგულაციები დაუწესა და მისი დარღვევისთვის სპეციალური სანქციებიც გაწერა.

თამბაქოს კონტროლის კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგულაციაა. თამბაქოს კონტროლის კანონი შეეხება საქართველოს ერთ მილიონამდე მწეველ მოქალაქეს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა დაწესებულებას. მისი რეგულირების ქვეშაა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი ობიექტი, სავაჭრო დაწესებულებები, სადაც თამბაქოს ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი. მაგალითად, ცვლილება პირდაპირ ითვალისწინებს გზისპირა თამბაქოს ჯიხურების აკრძალვას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც თამბაქოს კონტროლის კანონის შემადგენელი ნაწილია არის ამ პროდუქტის რეკლამირების სრულად აკრძალვა. აკრძალვა შეეხება როგორც გარე რეკლამებს, ბილბორდებს, ასევე ტელევიზიას და ბეჭდურ მედიას.

მთავრობის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 22 000 ადამიანი არის თამბაქოს რეალიზაციის სექტორში დასაქმებული, მათ ნაწილს, ანუ გზისპირა თამბაქოს ჯიხურებში დასაქმებულებს უმუშევრობა ემუქრებათ. ამის მიზეზია კანონის ჩანაწერი, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და რომელიც ამ ტიპის სავაჭრო ობიექტებს კრძალავს. 200-ზე მეტი სავაჭრო პუნქტის დახურვის შემთხვევაში, უმუშევრობის ზრდასთან ერთად, ეროვნულ ეკონომიკას გამოაკლდება ბიზნესი, ხოლო სახელმწიფო კი გადასახადის გადამხდელს დაკარგავს.

თამბაქოს კონტროლის კანონი მხოლოდ ამ ცვლილებას არ გამოიწვევს. ის შეამცირებს სარეკლამო ბაზარს. ყველაზე მეტად ცვლილება გარე რეკლამების სექტორს ეხება. სარეკლამო სააგენტო ინტერმედიას მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს გარე რეკლამების ბაზრის მოცულობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა. სხვადასხვა გათვლებით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების აკრძალვის გამო სავარაუდოდ, ეს ბაზარი 30-35%-ით შემცირდება.

მეორეს მხრივ, გაიზრდება ამ კანონმდებლობის აღსრულებისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯები, რაც შსს-ს მხრიდან კანონმდებლობაზე მონიტორინგის შემოღებას უკავშირდება.

თამბაქოს მოხმარების შემცირებაში არსებული ტრენდის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით მომდევნო წლებში ის 28%-დან დაახლოებით 27%-26%-ზე ჩამოვა. ალბათ დამატებითი სოციოლოგიური კვლევების გარეშე რთული იქნება იმის განსაზღვრა ითამაშა თუ არა მოხმარების შემცირებაში გადამწყვეტი როლი ახალმა რეგულაციებმა, თუ ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილი იყო.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 356-ე მუხლში, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ეროვნულ სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ საქართველო მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის, ასევე მისი მეორადი კვამლის შეზღუდვისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა. ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ ევროპული ნორმების ეტაპობრივი ჰარმონიზების ვალდებულება აიღო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადებულ კანონმდებლობას დანერგავდა. თამბაქოს სფეროს რეგულირებაც სწორედ ამ პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. თამბაქოს კონტროლის კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დოკუმენტი ევროდირექტივასთან შესაბამისობაშია.

თუმცა, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო პაკეტი ზოგიერთი მიმართულებით ევროკავშირის დირექტივებთან აცდენაშია.

ევროკავშირში 2014 წლის 19 მაისს ძალაში შევიდა ევროდირექტივა, თამბაქოს პროდუქციის შესახებ. ის ევროკავშირის ქვეყნებში 2016 წლის 20 მაისს ამოქმედდა. ამ კანონმდებლობით, კავშირის წევრ ქვეყნებში დადგენილია თამბაქოს და მისი მსგავსი პროდუქციის წარმოების, გაყიდვის და რეკლამირების წესები. განმარტებულია სიგარეტების, თუთუნის, საჩიბუხე თამბაქოს, სიგარების, სიგარილების, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტის და მოსაწევი მცენარეული პროდუქტების ზუსტი მნიშვნელობა და თითოეული მათგანისთვის განსაზრვრულია შესაბამისი რეგულაციები. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრი, მნიშვნელოვანია რომ ქართული ნორმები სრულ შესაბამისობაში იყოს იმ საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკასთან, რაც ევროკავშირში მოქმედებს.

თამბაქოს შესახებ ევროდირექტივასთან მიმართებით, ქართული კანონმდებლობა განსხვავებულ ნორმებს აწესებს. ევროდირექტივის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, განსხვავებულად რეგულირდებიან ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტები. მაგალითად, ელექტროსიგარეტსა და ჩვეულებრივ სიგარეტს სრულიად განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. ჩვეულებრივი სიგარეტი თამბაქოს შეიცავს და მისი წვით გამოიყოფა ნიკოტინი კუპრი და სხვა ნივთიერებები. ელექტროსიგარეტში კი თამბაქო საერთოდ არ გვხდება, მის ნაცვლად ელექტროსიგარეტი იყენებს სპეციალურ სითხეს, რომლის წვის შედეგად, ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებული ნივთიერებები გამოიყოფა.

ევროდირექტივა ცალკე გამოყოფს ელექტროსიგარეტებს და მათთვის შესაბამის მოთხოვნებს აწესებს. ევროპული კანონმდებლობით განსაზღვრულია ის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, რასაც ელექტროსიგარეტი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა ის ბაზარზე იყოს დასაშვები.

ქართულ კანონმდებლობაში არ არის განმარტებული რას წარმოადგენს ელექტროსიგარეტი, მეტიც ის რეგულირდება როგორც თამბაქოს პროდუქტი, ეს კი მაშინ, როდესაც ელექტროსიგარეტი თამბაქოს არ შეიცავს. ელექტროსიგარეტის ხარისხის კონტროლს ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს, მაგრამ ეს კონტროლი ხდება იმავე ტექნიკური რეგლამენტით, რაც განსაზღვრულია თამბაქოს ნაწარმისთვის შედეგად, ელექტროსიგარეტის მრავალი ასპექტი რეგულირების გარეშე რჩება, რაც ბაზარზე უხარისხო პროდუქციის შემოსვლის რისკს ზრდის.

მაგალითად, ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება საერთო ბაზარზე მოხვდეს ელექტროსიგარეტი, რომელიც შეიცავს 20 მილიგრამზე მეტ ნიკოტინს. ევროდირექტივის განმარტების მიხედვით, 20 მილიგრამი არის ნიკოტინის ის მოცულობა, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევით გამოყოფილი ნიკოტინის დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს წარმოადგენს. ამასთანავე ნათქვამია, რომ მხოლოდ მაღალი სიწმინდის უნდა იყოს ნივთიერებები, რომლებითაც ელექტროსიგარეტის სითხე უნდა დამზადდეს. ქართულ კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.

ევროკავშირი განსაზღვრავს იმასაც, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად გამოყფილი ნიკოტინის დონე უნდა იყოს თანაბარი. ეს ნიშნავს რომ მისი მოხმარების მთელი პროცესის განმავლობაში გაფრქვეული ნიკოტინი უნდა იყოს დასაშვები ნორმის ფარგლებში, რათა შემთხვევით, დიდი დოზის მიღება არ მოხდეს. ქართული კანონმდებლობა არც ამ ჩანაწერს არ მოიცავს.

ევროდირექტივასთან აცდენას იწვევს სავარაუდოდ დაშვება, რომ ელექტროსიგარეტიც უნდა რეგულირდებოდეს იმავე ტექნიკური რეგლამენტით, რითიც თამბაქოს ნაწარმი.

 

კომენტარები