მსჯავრდებულთა შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

პირველი რადიო

საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის 3 ქალია, ერთი კი არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიამ სულ 976 საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ შეწყალებული 83 პატიმრიდან 40 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდა. მათ შორის არის უვადო პატიმარიც, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.

​კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მორატორიუმი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. შესაბამისად, კომისიამ 23-27 ივლისს ახალ საქმეებთან ერთად, განიხილა მორატორიუმის დროს შესული განცხადებებიც.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მორატორიუმი სამთავრობო და არასამთავრო სექტორთან კონსულტაციების შედეგად გაუქმდა.

ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა შეწყალებულთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე, ზვიად ქორიძემ უპასუხა, რომ მისი საქმე კომისიაში განსახილველთა შორის არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდისთვის სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო. კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თუ მამალაძის უფლებადამცველები შესაბამისი განცხადებით მიმართავენ, პრეზიდენტი მის საქმესაც განიხილავს.

კომენტარები