ტრამპი: მოუთმენლად ველოდები კიმ ჩენ ინთან მორიგ შეხვედრას

კიმ ჩენ ინი, დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება ჩრდილო კორეის ლიდერთან მორიგ შევედრას.

"მადლობა კიმ ჩენ ინს, რომ ასრულებს დანაპირებს და დაიწყო ჩვენი დიდებული და საყვარელი, ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. არ გამკვირვებია, რომ ასეც მოიქეცით. მადლობას გიხდით წერილისთვის - მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას".

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა კორეის ომში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა ცხედრების გადაცემისთვის.

დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები მათი ნეშტების დაბრუნებას წლების მანძილზე ელოდნენ. რეპატრიაციის თაობაზე შეთანხმებას აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტზე მიაღწიეს.

1950-1953 წლებში კორეის ომში სამხრეთ კორეელი ჯარისკაცების გვერდით 326,000 ამერიკელი იბრძოდა. მათგან 5,300-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ისინი სავარაუდოდ ბრძოლის ველზე და ომის ტყვეთა ბანაკებში დაიღუპნენ.

კომენტარები