სავალდებულო სამხედრო სამსახური

კოჯრის დაპირისპირების გამო თავდაცვის სამინისტრომ 5 სამხედრო გაათავისუფლა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრომ, კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარი ჩხუბის გამო თანამდებობიდან 5 ადამიანი გაათავისუფლა: 

  • აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ;
  • აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ;
  • საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ;
  • ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ;
  • და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ.

უწყება ასევე აცხადებს, რომ ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი სწორედ სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან, ვინაიდან ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას, როგორც სამხედრო ქვედანაყოფს დაცვით სწორედ სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული უზრუნველყოფს.

1-ლ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა აკადემიაში სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა. ინციდენტი სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა.

რუსთავი 2-თან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა თქვა, რომ დანა, რომლითაც სამხედროები არიან დაჭრილები, მათ სამხედრო აღჭურვილობაში არ უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს, საიდან ჰქონდათ სამხედროებს ცივი იარაღი.

ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა:

  • საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი;
  • დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები;
  • საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; 
  • გამოიკითხა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები