თავდასხმა ლგბტ ადამიანებზე

გლდანში ლგბტ თემის 3 წევრს თავს დაესხნენ

agora.ge

გუშინ ღამით, 3 ლგბტ ადამიანს თავს დაესხნენ. მათ სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავდამსხმელი 2 ბიჭია. შემთხვევა გლდანში მოხდა. დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

თავდამსხმელები და დაზარალებულები პოლიციაში გადაიყვანეს. 

"გუშინ, გვიან ღამით, გლდანში, 3 ადამიანი ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები გახდნენ. ორმა 20 წლამდე ახალგაზრდა მათ ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ მათ ცემაზე გადავიდა. პოლიცია თავიდან გულგრილად ეკიდებოდა საქმეს, თუმცა Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა-ს იურისტის და საგამოძიებო ნაწილში სხვა განყოფილების ჩართვის შემდეგ, პოლიციის დამოკიდებულება გაუმჯობესდა. დაზარალებულებმა ამ წამს დატოვეს ექსპერტიზის სამსახური. ჩვენ ვამონიტორინგებთ ამ საქმეს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ.

ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ლგბტ ადამიანები სისტემატიურად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი! სახელმწიფოსგან მოვითხოვთ ჰომოფობიასთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის და ხედვის გაცნობას!",- წერს თანასწორობის მოძრაობის დირექტორი, ლევან ბერიანიძე ფეისბუქზე. 

როგორც მან ტაბულას უთხრა, დაზარალებულებს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა თავს ნორმალურად გრძნობენ.

შსს-ის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. უწყებისვე ცნობით, სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზები უკვე დანიშნულია.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოვლენილია 2 პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები