არჩევნები 2018

IRI-მ წაშალა განცხადება, სადაც კვლევისას საპრეზიდენტო კანდიდატებზე კითხვის დასმას უარყოფდა

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) Facebook გვერდიდან წაშალა განცხადება, რომელშიც წერდნენ, რომ აპრილში ჩატარებული კვლევისას საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე კითხვა არ დაუსვამთ. 

ორგანიზაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ IRI-ის კვლევის შედეგები გავრცელდა. ამ შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ქართული ოცნების კანდიდატს 17% ასახელებს; დავით ბაქრაძეს - 16%; გიორგი მარგველაშვილს - 10%; გრიგოლ ვაშაძეს - 8%. ამ მონაცემებით კანდიდატთა რეიტინგის მიხედვით განლაგება განსხვავდება NDI-ის 1 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის რეიტინგებისგან

ხსენებული განცხადება IRI-ის გვერდიდან დადებიდან რამდენიმე წუთში წაშალეს. ტაბულა შეეცადა გაერკვია, რატომ მოხდა ეს და მართლაც უარყოფს თუ არა ორგანიზაცია ამ შინაარსის კითხვის დასმას, თუმცა ჩვენს შეკითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.

როგორც ევროპულ საქართველოში ამბობენ, კითხვა "ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს?" ორგანიზაციამ პარტიის თხოვნით დასვა, კვლევის ეს ნაწილი საჯარო არ იყო და სამწუხაროა, რომ მონაცემებმა გაჟონა.

"ჩვენი, ევროპული საქართველოს თხოვნით IRI-მ ეს კვლევაა ჩაატარა იმავე საველე სამუშაოების პირობებში, რაშიც მთლიანი კვლევა იყო მოქცეული. ეს მიღებული პრაქტიკაა, სხვადასხვა პარტიები თანამშრომლობენ IRI-თან და ჩვენი თხოვნით ისინი ამ ტიპის კვლევებს ატარებენ ხოლმე და კითხვებს სვამენ. ეს იყო დახურული კითხვები და არ იყო საჯარო გავრცელებისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერმა გაჟონა, მაგრამ სწორედ ამ ფორმულირებით იყო კითხვა დასმული ჩვენი თხოვნით, ჩვენ შევთავაზეთ ამ ფორმულირებით კითხვის დასმა. კიდევ ერთხელ სამწუხაროა ძალიან რომ ამან გაჟონა, მაგრამ ასეთები ხდება ხოლმე." - ამბობს ევროპული საქართველოს კუმუნიკაციების დირექტორი ირაკლი კიკნაველიძე.

უფრო დაწვრილებით, IRI-ის კვლევის გავრცელებული შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, პასუხები შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნების კანდიდატი-17%; დავით ბაქრაძე -16%; გიორგი მარგველაშვილი - 10%; გრიგოლ ვაშაძე -8%; პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი - 3%; მიხეილ სააკაშვილი - 2%; შალვა ნათელაშვილი – 1%; ნიკა მელია - 0.5%; სხვა -3%; ყველას გადავხაზავ -7%; არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - 4%; არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე -6%; მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია ჩამონათვალში არ იყო და ზოგიერთმა რესპონდენტმა ისინი საკუთარი ინიციატივით დაასახელა. IRI-ის გამოკითხვა 2018 წლის 1-22 აპრილს ჩატარდა. გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.

კომენტარები