რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან ათასობით სამუშაოს მაძიებელი მიიღო

AFP

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ქვეყანაში ათასობით ჩრდილოეთ კორეელი სამუშაოს მაძიებელი შეუშვა და ქვეყანაში მუშაობის უფლება მისცა.

Wall street Journal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს რუსეთმა სულ მცირე 700 საბუთი გასცა ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელი ჩრდილოეთ კორეელებისათვის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში 10,000 ჩრდილოეთ კორეელი ჩავიდა სამუშაოდ.

რუსეთის ქმედება პოტენციურად არღვევს გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში საზღვარგარეთიდან შესული ფინანსების შემცირებას და ქვეყანაზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება, რათა ოფიციალურმა ფხენიანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

არსებული მონაცემებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ რუსეთში მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში ყოველწლიურად 150-300 მილიონ აშშ დოლარს გზავნიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით რუსეთმა სრულად უნდა გაიზიაროს გაეროს სანქციები და ჩრდილოეთ კორეის საკითხზე აშშ-სთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გამკაცრდა.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ხელი საბჭოში შემავალმა 15-ვე ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ფხენიანის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა - რუსეთმა და ჩინეთმა.

რეზოლუციის მიხედვით ემბარგოს გაფართოებასთან და ნავთობის იმპორტის შემცირებასთან ერთად საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები მომდევნო 24 თვის მანძილზე სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

რეზოლუციის მიღების შემდეგ ჩინეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცედურები დაიწყეს, თუმცა, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა კვლავ გზავნის ამ ქვეყნებში სამუშაოს მაძიებლებს.

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციები ადრეც დაარღვია. Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით მათ გასული წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეას ნავთობი რამდენიმეჯერ არალეგალურად მიაწოდეს.

კომენტარები