პარლამენტის საგამოძიებო კომისია

სუბელიანმა და გამომძიებელმა, რომელიც მას "არ იცნობდა", ერთმანეთს 12-ჯერ დაურეკეს

პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

სხდომაზე ირაკლი აბესაძემ გიორგი გახარიას იმ ვიდეო ჩანაწერზე ჰკითხა, რომელზეც მირზა სუბელიანი თენგიზ კალანდიასთან ერთად არის გადაღებული, შსს-ის ოქმში კი სუბელიანის შესახებ "უცნობი მამაკაცი" წერია [თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მშობელია, ის შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა].

გიორგი გახარიამ თქვა, რომ შსს-ის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ სუბელიანი "უცნობ მამაკაცად" მოიხსენია, რადგან მას ვერ ცნობდა. 

აბესაძემ თქვა, რომ ასეთი პასუხი რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ფიფიამ კომისიასაც გასცა, შემდეგ კი დეპუტატმა შს მინისტრს სატელეფონო ამონაწერები აჩვენა, რომელზეც ჩანს, რომ 2017 წლის დეკემბრის განმავლობაში მირზა სუბელიანი და ირაკლი ფიფია ერთმანეთს ტელეფონით ინტენსიურად ეკონტაქტებოდნენ. შესაბამისად, აბესაძის თქმით, ფიფიამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ტყუილი უთხრა. 

ირაკლი აბესაძე: ერთი მარტივი მაგალითი მინდა გიჩვენოთ გამოძიების დამოკიდებულების შესახებ სუბელიანის მიმართ. არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ როდესაც ამოიღეს სათვალთვალო კამერები კალანდიების სახლთან, როდესაც ის იქნა ცნობილი ბრალდებულად დანაშაულის დაფარვაში, ამ კამერის გაშიფვრისას თქვენმა წარმომადგენელმა ოქმში არ დააფიქსირა სუბელიანის შესვლა ამ სახლში და მეორე, ოქმში მირზა სუბელიანს, როდესაც ის გადაადგილდება თენგიზ კალანდიასთან ერთად, უწოდა უცნობი მამაკაცი. 

გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით ცნობილია. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, შემიძლია კიდევ ათასი დავამატო, რომელიც არ ჩატარებულა. 

ირაკლი აბესაძე: და რომელიც უნდა ჩატარებულიყო. 

გიორგი გახარია: ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. დღეის მდგომარეობით ვიცი და ვიცი იმიტომ, რომ იმ ადამიანს სახეზე ვერ ცნობდა და ამას საგამოძიებო მოქმედებაზე არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია. 

ირაკლი აბესაძე: მინდა გაჩვენოთ, თქვენმა წარმომადგენელმა როგორ ახსნა "უცნობი მამაკაცის" ჩაწერა ოქმში და აქვე ხაზს გავუსვამ თქვენი შინაგანი რწმენისთვის, რომ ამ ადამიანს, თქვენი უწყების წარმომადგენელს, ვიდეო კამერაზე სუბელიანთან ერთად მყოფი თენგიზ კალანდიასთვის არც კი უკითხავს, შენ გვერდით ვინ არისო, რაც ძალიან მარტივად მისცემდა მას საშუალებას, დაედგინა მისი ვინაობა. 

ასევე, მინდა გაჩვენოთ სატელეფონო ამონაწერი, ეს არის საუბარი მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ირაკლი ფიფიას და მირზა სუბელიანს შორის. კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში იწყება მირზა სუბელიანის ინიციატივით, ხშირ შემთხვევაში ხორციელდება ირაკლი ფიფიას ინიციატივით. როგორ შეაფასებთ თქვენი უწყების წარმომადგენლის მიერ მოცემულ ტყუილ ინფორმაციას კომისიაზე, რომ არ იცნობდა მირზა სუბელიანს და ამის გამო უწოდა მას უცნობი მამაკაცი. 

გიორგი გახარია: განმიმარტეთ, რას ნიშნავს უცნობი მამაკაცი. 

ირაკლი აბესაძე: თქვენ ხედავთ, რომ მას ჰქონდა სუბელიანთან ინტენსიური კავშირი, იცნობდა მას, მაგრამ კომისიაზე თქვა, რომ არ იცნობს, არ ჰქონია შეხება და არ იყო შესაძლებელი, შსს-ის სამინისტროს ოქმში გაეშიფრა, ვინ იყო მირზა სუბელიანი. 

გიორგი გახარია: თქვენ ახლა ოფიციალურად, პირდაპირ ეთერში, შსს-ის გამომძიებელს ადანაშაულებთ ტყუილში ნათქვამს აი აქ. არ შეგიფასებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ფიფია კომისიას ტყუილს არ ეტყოდა.

გიგა ბოკერია: ირაკლი ფიფიას უსვამენ კითხვებს სუბელიანის შესახებ და ის მყარად პასუხობს, რომ მას არ იცნობდა. მერე ირკვევა, რომ 12 ზარი აქვს გაკეთებული ამ მომენტისთვის, მისი ინიციატივით არის განხორციელებული პირველი ზარი თან. თქვენ ეს არ მიგაჩნიათ სიცრუედ? 

გიორგი გახარია: მკაფიოდ გპასუხობთ, ბატონო გიგა, რომ ვუშვებ, რომ სახეზე ვერ ამოიცნო და ის, რომ 12-ჯერ დაურეკა გამოძიების პროცესში, არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მეორეს იცნობდა. ამისთვის დამაზუსტებელი შეკითხვა შეგეძლოთ დაგესვათ ბატონი ფიფიასთვის და ეს სპექტაკლი აქ არ დადგათ, მადლობა. 

გიგა ბოკერია: ბატონო გიორგი, დამაზუსტებელ შეკითხვას ვერ დავუსვამდით, მერე მოვიდა ამონაწერი. თქვენ შეფასებას გთხოვთ. გავიგეთ, რომ თქვენ ეს და 12 ზარი არ მიგაჩნიათ სიცრუედ და კომისიისთვის ამის თქმა,  როცა ამხელა კონტაქტი ჰქონდა. ისე საინტერესოა, რამდენი ზარი უნდა იყოს, რომ თანამდებობის პირმა კომისიას უთხრას, რომ ადამიანს არ იცნობდა. 

გიორგი გახარია: ბატონო გიგა, აი ეს რომ მოიტანეთ [ამონაწერი], ამოიღეთ ირაკლი ფიფიას მიერ სხვა მშობელთან განხორციელებული ზარები და სხვაგან 20 დარეკილი რომ იქნება, მერე მიმტკიცეთ, რომ იცნობდა ყველა მშობელს ირაკლი ფიფია. 

 

საქმის მიმდინარეობა და დეტალები
 

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ორი მოზარდი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია
 

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

მის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი გარემოებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც არასრულწლოვნების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა. შსს-ს განცხადებით კი, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავთ.

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები