პარლამენტის საგამოძიებო კომისია

შოთაძე: სარალიძის დნმ იყო ხელსახოცზე, ინფორმაციას პროკურორებისგან ვიღებდი 

პარლამენტი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძის 31 მაისის ბრიფინგიდან ნაწყვეტი წარმოადგინა.

ბრიფინგზე ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის "საქმიდან ამოღებულია ერთი დანა, რომელიც დადგენილია, რომ ეკუთვნოდა კონკრეტულ ბრალდებულს და დანაზე ამოსულია როგორც ამ ბრალდებულის, ისე ერთ-ერთი მოკლულის სისხლი.ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ამოღებულია გადანახული იარაღი, მეორე დანა. ამ დანიდან ასევე ამოსულია ერთ-ერთი ბრალდებულის და ორივე გარდაცვლილის დნმ". 

ელენე ხოშტარიამ შოთაძეს ექსპერტიზის დასკვნა შეახსენა, რომლის მიხედვითაც, დანაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის და ბრალდებული გ.ბ-ის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა, ასევე მოკლული დავით სარალიძის კი - არა.

საქემზე სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ სწორედ ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო - 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ გამტყუნდნენ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გ.ბ გამართლდა, გ.ფ-ს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

დეპუტატმა ყოფილ მთავარ პროკურორს ჰკითხა, რატომ გაავრცელა მან ეს არასწორი ინფორმაცია. შოთაძემ უპასუხა, რომ ის ინფორმაციას პროკურორებისგან იღებდა. 

ელენე ხოშტარია: ამ ბრიფინგით თქვენ საზოგადოებას ეუბნებით, რომ გ.ბ-ს დანაზე ამოსულია ორივე მოკლული ადამიანის დნმ. იცით თუ არა, რომ ეს არის ტყუილი და ან დანაზე არ არის ამოსული ორივე მოკლულის დნმ. ახლა გაიგეთ, მაშინაც იცოდით, შეცდით, არ მოგაწოდეს სრულად ინფორმაცია, მერე გაარკვიეთ თუ რა ხდება? როცა ყველაზე პრინციპულ საქმეზე, რომელზეც სასამართლომაც არ გაიზიარა პოზიცია სწორედ იმიტომ, რომ დნმ არ არის ამოსული დანაზე, თქვენ საზოგადოებას ეუბნებით, რომ ორივეს დნმ ამოსულია. რას ემსახურება ეს ეს ტყუილი

ირაკლი შოთაძე: მე ვისაუბრე იმ ინფორმაციაზე, რაც პროკურორებმა მომაწოდეს. ეს დეტალი დეტალურად მე არ გამივლია. იქ საუბარი იყო, რომ ორივე დანიდან ამოსული არის შესაბამისი დნმ. აქ იგულისხმებოდა, რომ გ.ბ-ს დანა გახვეული იყო ხელსახოცში და რომელ ხელსახოცშიც იყო გახვეული, იმ ხელსახოციდან მოკლული სარალიძის დნმ პროფილი ამოვიდა

ელენე ხოშტარია: ხელსახოცი და დანა ორი სხვადასხვა ნივთია, ეს ხომ გვესმის ყველას. თქვენ არ გითქვამთ ხელსახოცი, თქვენ თქვით დანაზე, ამით თქვენ საზოგადოება შეცდომაში შეგყავდათ, რომ ყველაფერი დადგენილია, ყველა მკვლელი ნაპოვნია, დნმ არის და ამ საქმეში პრობლემა საერთოდ არ არის. ეს ფაქტობრივი ტყუილია. თქვენ საზოგადოებას უთხარით, რომ დანაზე არის ამოსული ორი დნმ, დანაზე არ არის ამოსული ორი დნმ. ხელსახოცს ნუ მიხსენებთ, იმიტომ რომ ხელსახოცი და დანა ორი სხვადასხვა ნივთია. 

ირაკლი შოთაძე: მე არ ვიყავი ამ საქმის პროკურორი, ეს დეტალებს ვიგებდი ჩემი ქვემდგომი პროკურორებისგან. შესაბამისად, მე საჯარო ინფორმაციას ვავრცელებდი მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. მე ეს განცხადება გავაკეთე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს შეიძლება გამოწვეული იყო იმით, რო შეიძლება მე რაღაც ვერ მოვისმინე ან რაღაც დეტალებზე არ გვქონდა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, მე შემდგომ დავაზუსტე ეს გარემოება და შემიძლია დაგიდასტუროთ, რასაც თქვენ ამბობთ, რომ დავით სარალიძის დნმ პროფილი ამოსულია იმ ხელსახოციდან, რომელშიც გახვეული იყო ეს დანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გ.ბ-ს მონაწილეობას დავით სარალიძის მკვლელობაში. ეს არის ბრიფინგი, რომლიდან რამდენიმე საათში მე მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება, ამიტომ ამ დეტალებზე შემდეგ აღარ მიფიქრია.
 

საქმის მიმდინარეობა და დეტალები
 

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ორი მოზარდი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია
 

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

მის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი გარემოებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც არასრულწლოვნების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა. შსს-ს განცხადებით კი, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავთ.

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები