ციანიდის საქმე

მამალაძე: ვნახავთ როგორ გაუძლებს პრეზიდენტი იმ ზეწოლას, რომელსაც ვერ გაუძლო გვენეტაძემ

რადიო ფორტუნა

საპატიმროში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ის გიორგი მარგველაშვილისთვის წერილის მიწერას გეგმავს. კითხვაზე იქნება თუ არა ეს შეწყალების წერილი, მამალაძემ თქვა რომ ამ წერილით მას საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

"ბატონ პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური ბერკეტი და საშუალება, უფრო დეტალურად ჩასწვდეს, საზოგადოებაზე მეტად, უფრო ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს ის გადაწყევტილება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს უკვე პრეზიდენტის გადაწყევტილებაა. რამდენად გაუძლებს პრეზიდენტი იმ ზეწოლას, რომელსაც ვერ გაუძლო გვენეტაძემ, ბუგიანაშვილმა და სხვა მოსამართლეებმა, ეს უკვე პრეზიდენტის პიროვნულობაზეა დამოკიდებული,"- ამბობს მამალაძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომა სწორედ "ციანიდის საქმეს" უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა, მეორე დღეს კი ნინო გვენეტაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

კომენტარები