შსს: აზერბაიჯანის საზღვართან დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტამფეტამინი ამოვიღეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, სასაზღვრო სექტორ "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილო და 119 გრამ ჰეროინს შეიცავს, ასევე, 1,1935 გრამი მეტამფეტამინი", - აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები